120 კაციანი საზეიმო ვახშამი, 600 ხელოვნური მზესუმზირა, 30 000 ლარად მოწვეული “ურსა”, – „ადიგენობა 2026“

September 25, 2026

„ადიგენობა 2026“-ის გასამართად ადიგენის მერია 73 700 ლარს დახარჯავს. ღონისძიების ხარჯებში, სხვა აქტივობებთან ერთად, 120 ადამიანზე გათვლილი საზეიმო ვახშამიც არის გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 3 ოქტომბერს, ადიგენის ცენტრალურ პარკში გაიმართება. პროგრამა 15:00 საათზე დაიწყება და მოიცავს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების პრეზენტაციას, საბავშვო გასართობ პროგრამას, სპორტულ შეჯიბრებებსა და მესხური სამზარეულოს დაგემოვნებას.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიების ტერიტორიის გაფორმებაც უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, პარკი 600 ცალი ხელოვნური მზესუმზირით უნდა მორთოს.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და „ადიგენის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართება. საღამო ჯგუფ „ურსას“ გალა-კონცერტით დასრულდება. ჯგუფის მოწვევა ადგილობრივ ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდება.

ასევე, ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს, ლაშა რამიშვილი, რომელსაც მერია 5 000 ლარს გადაუხდის.

მიმწოდებელს ასევე ევალება 120 პერსონაზე საზეიმო ვახშმის გამართვა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ერთ ადამიანზე კვების ღირებულება მინიმუმ 110 ლარი უნდა იყოს, ხოლო მენიუ და საბანკეტო სივრცე მერიასთან შეთანხმებით განისაზღვრება.

ტენდერი მუნიციპალიტეტმა 8 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 16 სექტემბერს დასრულდა.

„ადიგენობა“ პირველად 2023 წელს აღინიშნა.

ფოტო: ადიგენობა 2025