გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო პირებმა 18 ტონაზე მეტი საწვავი არადანიშნულებისამებრ გახარჯეს. აუდიტის დასკვნის თანახმად, საწვავი არ დახარჯულა სამსახურეობრივი მოვალეობისა და სამსახურში გამოცხადების მიზნით.
აუდიტის სამსახური მერიას, საკრებულოსთან შეთანხმებით კონტროლის მექანიზმების შემუშავებას სთხოვს.
სახელმწიფო აუდიტის სამასხურის დასკვნაში ვკითხულობთ, ციტატა: ,,მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა; მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით; ასევე მიზანშეწონილია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს საკითხი სატელიტური(GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვის შესახებ.“
კონტროლის რა მექანიზმი შეიმუშავა მუნიციპალიტეტმა, საკითხის გასარკვევად TOK.TV რედაქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.