ვინ, სად და როდის გადახარჯა  არამიზნობრივად  მუნიციპალური  საწვავი?-აუდიტი

February 6, 2024

სახელმწიფო აუდიტმა მოამზადა დასკვნა, სადაც წერია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილ საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

დასკვნაში საუბარია დაახლოებით 12 ტონა საწვავზე, რომლის გახარჯვის კანონიერება, აუდიტმა ეჭვქვეშ დააყენა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.  საანგარიშო პერიოდში სულ 147 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. რა დროსაც ავტომობილის ავზში 10 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს.

აუდიტი ამ შემთხვევას შემდეგნაირად ხსნის: ,,აღნიშნული შეუსაბამობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადატანის შედეგად,  ავტოსატრანსპორტო საშუალებებში 58 შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან და ტექნიკური მონაცემებიდან (წვის ნორმა) გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. ამ გზით სულ ჩასხმულია 2 ტონაზე მეტი საწვავი.“

2021-2022 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 23-24 მორიგე ავტომობილი ირიცხებოდა,  მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების  145-მდე პირადი ავტომობილით.

2021-2022 წლებში   მუნიციპალიტეტმა 588 ტონა საწვავი დახარჯა, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე კი –  404 ტონა საწვავი.

აუდიტის დასკვნის თანახმად, ციტატა: ,,მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, არარაციონალურია: მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურეობრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.“

აუდიტის სამსახური მერიას, საკრებულოსთან შეთანხმებით კონტროლის მექანიზმების შემუშავებას სთხოვს.

კონტროლის რა მექანიზმი შეიმუშავა მუნიციპალიტეტმა, საკითხის გასარკვევად TOK.TV რედაქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენს  ზარებს არ უპასუხეს.