სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში 2022 წლის ბიუჯეტი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, მატებაა სახელფასო ფონდშიც.
ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტი 2022 წელს 21 მილიონ 300 ათასზე მეტის დახარჯვას გეგმავს, რომელთაგან 3 მილიონზე მეტი ხელფასებს მოხმარდება. ხელფასებისთვის, სამ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც წლის ბიუჯეტი 23 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
რაც შეეხება ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ადიგენის წლის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე განისაზღვრა,საიდანაც ხელფასების წილი 2 მილიონ ლარზე მეტია, ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 5 321 000 ლარიდან ხელფასებისთვის მილიონ 500 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ახალქალაქში წლის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა, საიდანაც ხელფასებისთვის 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ხელფასებისთვის ორ მილიონ ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 9 მილიონიანი ბიუჯეტიდან.