რუსეთი უკრაინაში შეიჭრა — TokNewsსამცხე_ჯავახეთი
______________________________________
სოლიდარობა უკრაინას — აქცია ახალციხეში
______________________________________
(16:16 24.02.2022)
“მეტი იმედი არსებობს პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის დახმარების, რომლებმაც შექმნეს უსაფრთხოების ალიანსი. რუსეთი შეეცდება გადაკეტოს ის არხი, რომლის მეშვეობითაც უკრაინას მიეწოდება სამხედრო შეიარაღება,” – ვახტანგ მაისაია პოლიტოლოგი.
(13:56 24.02.2022)
“პუტინის იდეა არის უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების დაკავება, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ალყაში მოქცევა, განადგურება და გაანადგუროს სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურა და ობიექტები. გავეშებული პუტინი რას გააკეთებს არავინ არ იცის,”– ვახტანგ მაისაია პოლიტოლოგი
(11:59 24.02.2022)
რუსეთის მიერ უკრაინაში «სპეციალური სამხედრო ოპერაციის» დაწყებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება, მისი თქმით, ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვითხოვთ სამხედრო ქმედებების შეწყვეტას. დიდება უკრაინას“, – წერს პრეზიდენტი.
(10:57 24.02.2022)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება რუსეთის მიერ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყებას. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა უკრაინის დაბომბვის შემდეგ გაავრცელა.
“სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
(09:54 24.02.2022)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის 5 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ამ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები პოზიციებზე არიან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და მეტოქეს დანაკარგები აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. რუსეთმა დაიწყო შეტევა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურებზე და ჩვენს სასაზღვრო დაცვაზე. აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ბევრ ქალაქში. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას ვაცხადებ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გმობს რუსეთს “არაპროვოცირებული და გაუმართლებელი” თავდასხმისთვის უკრაინაზე და გამოდის პირობით, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.
უკრაინის სახელმწიფო საზღვარს თავს დაესხნენ რუსული ჯარები რუსეთიდან და ბელორუსიდან.
დაახლოებით დილის 5:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ბელორუსის მხარდაჭერით გადმოკვეთეს რუსულმა ჯარებმა.
სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით. ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში.
გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა.
საზღვარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მესაზღვრეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ერთად მტრის წინაღმდეგ მასირებულ ცეცხლს ხსნიან. მესაზღვრეებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, – ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.