2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია მათ შორის რუსეთში ჯერ კიდევ 450 ათასი ადამიანია, – PMCG
სარო ტონაკანიანი ახალქალაქიდანაა, იგი უკვე 13 წელია რუსეთში სხვადასხვა სამუშაოზე დადის. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი აქვს სამშობლოში დარჩენის და დასაქმების, იძულებულია რუსეთში წავიდეს, რადგან როგორც გვეუბნება, საქართველოსთან შედარებით რუსეთში ანაზღაურება სამჯერ მეტია, სამსახურის პოვნაც უფრო მარტივი.
ახლა იგი სატვირთო ავტომობილს მართავს. ჩვენს ზარებს გვიან უპასუხა, მანქანის ძრავის ხმაში, ტელეფონის ზარი არ ესმოდა. ხმაზე უძილობა ეტყობოდა, გვეუბნება, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, შესაბამისად დრო დასასვენებლად არ რჩება:
“ ამხელა გზაზე ვარ ჩამოსული და დასვენების დრო სად არის?!”
თანაქალაქელების მსგავსად, საროს რუსეთში მუშაობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ბევრჯერ უფიქრია სამუშაოდ ევროპაში წასვლაზე, რადგან ფიქრობს, რომ ამ გზით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. თუმცა მან ამჯერადაც რუსეთი ამჯობინა, რადგან ამბობს, რომ ევროპაში წასასვლელად საბუთების მოგროვება და სხვა პროცედურებია საჭირო, რაც ბევრ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
COVID-19 -ის პანდემიის გამო სარო ორი წელი ახალქალაქშიც კი მუშაობდა, თუმცა მწირი შემოსავლის გამო, იძულებული გახდა ქვეყანა ისევ დაეტოვებინა.
პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, შესაბამისად – 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით. 2010-2020 წლებში ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტ ქვეყანას მოქალაქეები მასიურად ტოვებენ. IDFI-ს მონაცემებით, საქართველოში მარტი-ივნისის განმავლობაში 300 ათასამდე რუსი მოქალაქე ჩამოვიდა და 50 ათასამდე პირი ჯერ კიდევ საქართველოშია. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა კიდევ უფრო გააქტიურდა პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 21 სექტემბრიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს საზღვარი 69 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.
რუსეთიდან საკუთარი მოქალაქეების მასობრივი გადინების ფონზე საქართველოს მოქალაქეები რუსეთში სამუშაოდ მაინც მიდიან. მიზეზად დასაქმებას ასახელებენ და გვეუბნებიან, რომ “ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და მიუხედავად რუსეთში კრიზისისა იქ მუშაობა მაინც უღირთ.”
„მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, გიორგი გოგიშვილის თქმით, რუსეთში სამუშაოდ წასული მოსახლეობის რეალური სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ბევრი ქვეყნიდან გასვლის არალეგალურ გზას ირჩევს.
ჩვენ ვეცადეთ გაგვეგო საქართველოს რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი 2019-2022 წლებში, ამისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ უწყებიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
რატომ მიდიან რუსეთში? – სარო ტონაკანიანის თქმით, რუსეთში გამგზავრება და დასაქმება მარტივია, ასევე მარტივია საბუთების შეგროვება და სხვა ფორმალური საკითხების მოგვარება. იგივეს გვეუბნება “მიგრაციის ცენტრის” ხელმძღვანელი, გიორგი გოგიშვილი.
რამდენად არის რუსეთში შრომითი ხელშეკრულებები, რა გამოწვევების წინაშე დგებიან იქ სამუშაოდ წასულები, რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთში დასაქმება და რატომ ამჯობინებენ ჯავახეთში მცხოვრებლები ევროპაში დასაქმებას რუსეთში წასვლას – ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი გვეუბნება, რომ რუსეთში შრომითი ხელშეკრულებები ნაკლებადაა, არალეგალურად წლების განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობა კი მეტია. ასევე რუსეთიდან დეპორტირების შემთხვევებიც ნაკლებია, რაც სამუშაოს მაძებარს დასაქმებას უმარტივებს, თუმცა აქვე ამბობს, რომ არალეგალურად დასაქმებას თან ახლავს რიგი საფრთხეები, მათ შორის ხელფასების გაცემის მიმართულებით.
შესაძლოა საქართველოს მოქალაქე რუსეთიდან დეპორტაციას არ დაექვემდებაროს ხელშეკრულების დარღვევის, ვადების გადაჭარბების და სხვა კანონიერი მიზეზების გამო, თუმცა ოკუპანტი ქვეყნიდან იძულებით გამოაგდონ ეთნიკური ნიშნით, სწორედ ისე, როგორც 2006 წელს მოხდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო და ქვეყნიდან გამოყარა ასობით ქართველი. მიუხედავად იმისა, ისინი ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად.
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს რუსეთიდან განხორციელებული მასობრივი დეპორტაციის დროს, 4500 -ზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს ქვეყნიდან არაადამიანურ პირობებში, ორი მათგანი კი გარდაიცვალა.
რა ალტერნატივა აქვთ პირებს, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიზეზით ვერ საქმდებიან? ერთ-ერთი გამოსავალი ევროკავშირის ქვეყნებში წასვლაა, გიორგი გოგიშვილის თქმით, ევროპაში დასაქმება ორგვარია, გრძელვადიანი და სეზონური.
რა პროცედურები უნდა გაიაროს დასაქმების მსურველმა, რა საბუთებია საჭირო და რამდენი ხანი შეუძლია ევროპაში იყოს? – საკითხებზე გოგიშვილი გვესაუბრება.
ექსპერტების თქმით, უკრაინაში ომმა და რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა უნდა შეამციროს რუსეთში საქართველოდან სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობა. ამ ფონზე მკვეთრად გაიზრდება ევროპაში დასაქმების მაძიებლების რიცხვი. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალურად დასაქმების საშულება მიეცეთ.
ავტორი : ინგა ირიციანია