უპასუხო კითხვა: როდის დაიწყება ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?

June 14, 2024

როდის დაიწყება ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია? – ეს კითხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების ნაწილს და მოსწავლეების მშობლებს წელიწადზე მეტია აწუხებთ., მას შემდეგ,  აც სკოლა რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა

რა ხდება ახლა? – ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

“იანვრიდან სატენდერო დოკუმენტაცია დაიდება და უმოკლეს დროში მოხდება ამ სკოლის აღდგენა რეაბილიტაცია” – ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ, ეს განცხადება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ, გასული წლის  18 ნოემბერს, მშობლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა. 

იანვრის შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გავიდა, თუმცა რესურსცენტრის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არც ტენდერი გამოცხადებულა, არც სკოლის რეაბილიტაცია დაუწყიათ და მეტიც, პროცესის დაწყების თარიღიც უცნობია. 

დღეს, ხათუნა ხმალაძე დღეს ჩვენს კითხვებს თავს არიდებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეები უკვე წელიწადზე მეტია აღარ დადიან. შენობა 15 თვის წინ რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს.

Საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ორი დღის წინ მშობლებთან და მასწავლებლებთან დახურული შეხვედრა გამართა და მედიისთვის წინასწარი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. 

ბესიკ ამირანაშვილის ჩაწერა ჩვენ დღესაც ვცადეთ, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ გუბერნატორი ქალაქში არ იმყოფებოდა. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ტენდერი შემჭიდროებულ ვადებში გამოცხადდება, თუმცა კონკრეტულად როდის აქაც უცნობია. 

დავუკავშირდით განათლების სამინისტროსაც – უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მოიკითხავენ. სკოლის რეაბილიტაციის შესახებ უწყებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გასული წლის 4 ოქტომბერსაც მივმართეთ, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევისა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. 

გამჭვირვალობის მოტივით მიღებული რუსული კანონის მხარდამჭერებმა ინფორმაცია მას შემდეგაც არ მოგვაწოდეს, რაც TOK TV-მ IDFI-ს მხარდაჭერით საჩივრით მიმართა. 

რა ინფორმაციას ფლობს სკოლის რეაბილიტაციის შესახებ დირექტორი, ბელა დიასამიძე? – ჩვენ მასთან დაკავშირებაც ვცადეთ, გვითხრა რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. მივწერეთ, მაგრამ პასუხები არ მიგვიღია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დირექტორმა კითხვები გაგვაგზავნინა, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია.  იგივე მოხდა გასული წლის ნოემბერშიც.

რა სჭირს სკოლას: არსებული ინფორმაციით, სკოლას დაზიანებული აქვს საყრდენი კედელი დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საჭიროებს სრულ, კაპიტალურ რეაბილიტაციას. 

გასული წლის 18 ნოემბერს მოსწავლეების მშობლებმა სკოლის რეაბილიტაციის დაჩქარების და სასწავლო პროცესის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გამართეს. 

მოსწავლეები უკვე მეორე სასწავლო წელს ახალციხის N1 საჯარო სკოლაში ასრულებენ, კიდევ რამდენი ხანი მოუწევთ სხვა სკოლაში , მეორე ცვლაში სიარული მოსწავლეებს? – ამ კითხვაზე პასუხი არცერთ პასუხისმგებელ უწყებას არ აქვს.