4 ადამიანი ემსხვერპლა წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევას – შსს

October 24, 2024

4 ადამიანი ემსხვერპლა წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევას, – შსს-ში არაოფიციალურად ადასტურებენ, თუმცა ოფიციალურ კომენტარზე და მუხლზე, რისი მიხედვითაც დაიწყო გამოძიება გვეუბნებიან, რომ – დაგვიკავშირდებიან. 

112-ში გვეუბნებიან, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას 3 პირი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ერთი წალკის ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

დღესვე, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წალკაში დაღუპული პირები ავარიაში მაშინ მოყვნენ, როდესაც “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიებიდან უკან ბრუნდებოდნენ. 

ინფორმაციის დაზუსტებას ვცდილობთ მმართველ პარტიაში, თუმცა პარტიის პრესსამსახური არ გვპასუხობს. ჩვენს ზარებს არ პასუხობს  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი “ქართული ოცნებიდან” და ბოლნისის მოქმედი მერი დავით შერაზადიშვილი და არც – მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი. 

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.