6 პარტიიდან, მხოლოდ ერთმა შეიყვანა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სიის 20-ეულში

October 24, 2024

საქართველოში, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 13.2 %-ს შეადგენს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის საყოველთაო აღწერა). მათ შორის უმრავლესობას სომხები და აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. 

თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 6 პოლიტიკური პარტიის და კოალიციის ოცეულში ეთნიკური უმცირესობის წევრი, წარდგენილი მხოლოდ “კოალიცია ცვლილებისთვის” ჰყავს. კოალიციის სიაში ოქტაი ქაზუმოვი მე-10 ნომრად არის წარდგენილი.

სიის ოცეულში არცერთი ერთი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არ ჰყავთ “ქართულ ოცნებაშიც”. ხოლო 60-ეულში მხოლოდ ორ პირს შეხვდებით. ზაურ დარგალს 25 ნომრად და ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს 36-ე ნომრად. 

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” მიერ წარდგენილი 28 კანდიდატიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მხოლოდ ერთია. 22 ნომრად აგილ მუსტაფაევია წარდგენილი. 

კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” და “ლეიბორისტულ პარტიას” ოცეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ ჰყავთ. 

პარტიულ სიებში, ეთნიკური უმცირესობების ნაკლები წარმომადგენლობის მიზეზად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების უგულებელყოფასა და პარტიების შიდა მექანიზმებში დამკვიდრებულ არაინკლუზიურ გარემოს ასახელებენ “სოციალური სამართლიანობის ცენტრში”

“ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი უპირატესობას ეთნიკური უმცირესობების წევრ ადგილობრივ ოლიგარქებსა და კლანთა ლიდერებს ანიჭებენ. ეს ეგრეთწოდებული „მდუმარე“ დეპუტატები, პარტიების მიერ გამოიყენებიან ადგილობრივი მოსახლეობის ხმების მობილიზაციისთვის და მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენენ ამა თუ იმ ეთნიკურ უმცირესობას, რადგან არც სიტყვის და არც საკანონმდებლო ინიციატივების უფლებას არ იყენებენ მათი საპარლამენტო მოღვაწეობის განმავლობაში. 

მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ქალთა და ეთნიკური უმცირესობების პროპორციულ მონაწილეობას პოლიტიკაში, როგორც ინკლუზიური პოლიტიკური კულტურისა და გარემოს დანერგვით საკუთრივ პარტიების შიგნით, ისე ქალი და ეთნიკური უმცირესობების თემების ლიდერებისთვის შესაბამისი სივრცისა და შესაძლებლობების მიცემით,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889