რატომ დუმს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

December 5, 2024

რატომ დუმს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი – გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან

ტექსტი:

მერვე დღეა რაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ყველანაირ მოლაპარაკებებს 4 წლით აჩერებდა. 

მერვე დღეა რაც, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ამასთან დაკავშირებით დუმს. მაშინ, როდესაც, მათ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ცენტრის მიზანი ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა და ცნობიერების ამაღლებაა. 

საინფორმაციო ცენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რამდენიმე დღეა ჩვენს ზარებს არ პასუხობს შესაბამის ვერ გავიგეთ რატომ დუმს, რა პროექტებს ახორციელებს, რა პროექტები შეწყვიტეს და მუშაობს თუ არა საინფორმაციო ცენტრების რეგიონული ოფისები. ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, როგორ ესახება საინფორმაციო ცენტრს მისი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის “ნატოს დღეების” განხორციელება? – ზემოხსენებული მიზეზის გამო, ეს კითხვაც უპასუხოდ დარჩა. ჩვენმა რედაქციამ საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს შეტყობინებაც დაუტოვა მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

საინფორმაციო ცენტრის, ერთადერთი საინფორმაციო წყარო მისი ვებ გვერდი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც, უწყებას სამი მიმდინარე პროექტი აქვს: ნატოს დღეები, ევროპის დღეები და საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა. 

პროექტის ნატოს დღეები მიხედვით, ცენტრი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო, საგანმანათლებლო შეხვედრები იგეგმება. ვებ გვერდზე არ არის მითითებული პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი. 

ბოლო აქტივობა 

ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, საინფორმაციო ცენტრს ბოლო აქტივობა 24 ნოემბერს ჰქონდა, რა დროსაც ისინი ზუგდიდში ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებს შეხვდნენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ შორის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი

კობახიძეს განცხადებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. კერძოდ, უწყების 243 თანამშრომელი ხელმოწერით ემიჯნება საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას. მათ შორის არიან საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებიც.

“მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი,” – ნათქვამია განცხადებაში. 

საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ წულეისკირია, მისი ქმარი “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან კობიაშვილია, რომელმაც ქართული ოცნების მიერ, გამჭვირვალობის მოტივით მიღებულ “რუსულ კანონს” ხელი ორივე ჯერზე მოაწერა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე თამარ წულეისკირს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

_____

აქვე გეტყვით, კობახიძეს განცხადებას და ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე გადავადებას, მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. შედეგად უკვე მეშვიდე დღეა  თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, მათ შორის ახალციხეშიც. 

ოფიციალური ცნობით, აქციის დროს ასობით დაკავებული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეა. სპეციალურის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.