ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ექიმი, მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი, სტუდენტი, ჟურნალისტი, სკოლის მოსწავლე – 28 ოქტომბრიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს, მათი უმეტესი ნაწილი სასტიკად ნაცემი და დაშავებულია. სახალხო დამცველმა მომხდარი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა.
ვის აკავებენ აქციებზე – ჩვენ რამდენიმე მათგანს მოვუყარეთ თავი – ნახეთ სიუჟეტი
ვის აკავებენ
პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს ოჯახის წევრები, გუშინ, 9 დეკემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ექიმის ცოლმა, რეპროდუქტოლოგმა და ბლოგერმა ეკა კვირკველიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს პედიატრის მიტოვებული მანქანა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი მეუღლე “პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის” გამო დააკავეს, რასაც პედიატრი უარყოფს.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრია.
კოტე ჩახუნაშვილი და ეკა კვირკველია აქტიურად არიან ჩართულები საპროტესტო აქციებში და თავიანთ კრიტიკულ აზრს ღიად აფიქსირებენ.
_____
სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ასევე გუშინ, 9 დეკემბერს დააკავეს.
შსს მათ, აქციების დროს, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ზემოთხსენებული პირები საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ოთახთან ბანერის გაკვრას გეგმავდნენ, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოაქვეყნეს მიმოწერის სქრინი, სადაც ჩანს თუ როგორ ემუქრება ერთ-ერთი პირი დეკანს.
_____
ახლა კადრებში ხედავთ თუ როგორ გამოიყურებოდა აქტივისტი, საბა ქევხიშვილი დაკავების დროს.
ახლა კი, დაკავების შემდგომ ის ასე გამოიყურება.
საბა ქევხიშვილი სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს დააკავეს და მასზე იძალადეს. შედეგად, მას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, ცხვირის და ყბის ძვლების დაზიანებები, ასევე თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მონაცემებს სოციალურის სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
_____
იაკობ გოგებაშვილის შვილთაშვილის შვილი, ლაშა გოგებაშვილი და კიდევ ერთი პირი მაშინ დააკავეს, როდესაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშების დამაგრებას ცდილობდა.
შსს მას, ნაძვის ხის კონსტრუქციის დაზიანებას ედავება.
ლაშა გოგებაშვილი, როგორც მისი ოჯახის ახლობელი, ხათუნა გოგებაშვილი ამბობს, ლაშა მხატვარი და არქიტექტორია.
_____
ქართული სერიალის “ცვალებადი ნიშნების” ერთ-ერთი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე 28 ნოემბერს დააკავეს. 5 დეკემბერს დააკავეს კომიკოსი და იუმორისტი, ონისე ცხადაძე და კიდევ 4 პირი.
ისინი ჯგუფური ძალადობის მუხლით არიან დაკავებულები. 7 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გირაოს შეფარდების თაობაზე და პირები პატიმრობაში დატოვა. თითოეულ მათგანს 4-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
_____
22 წლის, სმენადაქვეითებული დავით აბულაძე, მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს დააკავეს, როგორც შშმ პირის დედა, “სტუდია მონიტორს” უყვება, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა სპეცრაზმელებს მიანიშნა, რომ სმენადაქვეითებული იყო არ დაუჯერეს და ცემა დაუწყეს.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე დავით აბულაძე სახლში განაგრძობს მკურნალობას, მას აღენიშნება ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა და სხეულის დაჟეჟილობა. გაბოძეს თქმით, აბულაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
_____
დაკავებულებს შორისაა ინტელექტუალური თამაშის, “წიგნების თაროს” სამი მონაწილე: სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანაძე – “პირველი არხის” ცნობით, სამივე მათგან აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები.
8 დეკემბერს, დაკავებულთაგან ორს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ხოლო სანდრო მეტრეველს 2 300 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
_____
“ქართული ოცნების” მმართველობის დროს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე შვილთან ერთად, 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, – ფაქტზე, ალავიძის ახლობლებზე დაყრდნობით წერდა “ნეტგაზეთი”.
ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა.
ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.
_____
“როცა რძესავით აიჭრება ყველა ტკივილი,
დრო კი წაიღებს აწმყოს, თითქოს
ცრემლს ჩაიბრუნებს,
რა იქნება აუტანელი;
ცოცხლების, თუ მკვდრების დუმილი?!” – ამ სიტყვების ავტორი, თსუ-ს კურსდამთავრებული, პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე, 30 ნოემბერს, დილით პარლამენტთან ძალადობრივად დააკავეს.
მას სასამართლომ 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, – თორნიკემ დროებითი მოთავსების იზოლატორი 7 დეკემბერს დატოვა.
_____
“შშმ პირი ვარ,” – ამ სიტყვებს უმეორებს აქტივისტი თორნიკე მსხილაძე პოლიციელებს, რომლებიც მას, მისივე თქმით, უმიზეზოდ აკავებენ, – თორნიკეს დაკავებამდე Facebook LIve ჰქონდა ჩართული.
შემთხვევა გუშინ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ მოხდა, როდესაც დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა.
_____
დაკავებულები
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 28 ნოემბრიდან მოყოლებული პოლიციელებმა აქციაზე 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავა, ხოლო 30-ზე მეტ პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედავებიან, – ინფორმაცია ხელმისაწვდომია შსს-ს ვებ გვერდზე – დამატებით კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ.
დავუკავშირდით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, გვაინტერესებდა რამდენი პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და არიან თუა რა დაკავებულები. ეს უწყებაც დუმს და მხოლოდ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციისკენ მიგვითითებენ, სადაც მხოლოდ მინიშნებულია, რომ გამოძიება დაიწყეს.
სახალხო დამცველი
“ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს, აქედან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები,” – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
ამის შესახებ განცხადება იოსელიანმა დღეს გაავრცელა.
სამართლებრივი შეფასება
იურისტთა ერთიანი ქსელი აქციაზე დაკავებული 500-მდე პირის ინტერესებს იცავს, – გვეუბნება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, თაზო კირტავა.
იურისტის თქმით, დაშავებულების უმეტესობას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. იგი ასევე, სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა და მხარდამჭერთა დაშინებაზე საუბრობს.
დაშავებულები
მშვიდობიანი აქციის რამდენი მონაწილეა დაშავებული? – ამაზე არცერთი უწყებისგან დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტროში მთელი დღეა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
მათ მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობს დროს, კლინიკებში 148 დაშავებული გადაიყვანეს.
_____
28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებს. აღნიშნულს მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მას შემდეგ თბილისში და რეგიონებში უწყვეტი აქცია იმართება.
აქციას წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შლიან. დაკავებული და სასტიკად ნაცემია ორასამდე ადამიანი. დაზუსტებული ჯამური მონაცემები სახელმწიფო უწყებებისაგან ამ დრომდე არ არსებობს.