ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი 2024 წლის 26 ივლისს ჩაინგრა.
TOK TV – ის რედაქციას ადგილობრივები ხიდის ნგრევის სავარაუდო მიზეზად მუნიციპალური ნაგვით დატვირთული სატვირთო მანქანების ინტენსიურ გადაადგილებას უკავშირებდნენ. სწორედ ეს ხიდი გამოიყენებოდა, დედაქალაქიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე ნორიოს ნაგავსაყრელამდე ნარჩენების გადასატანად.
რა მდგომარეობაა ახლა, დაიწყო თუ არა ხიდის რეაბილიტაცია, TOK TV – ის გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა.
ჩანგრეული ხიდი ხელუხლებელია, კვლავ გამაფრთხილებელი ლენტით და კონსტრუქციებითაა გადაკეტილი. ჩანგრეული ხიდიდან რამდენიმე მეტრში მდინარეზე დროებითი გადასასვლელია მოწყობილი.
ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსს გოჩა ახალკაციშვილს კითხვით, როდის დაიწყება ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
გოჩა ახალკაციშვილი: ,,ხიდის პროექტი ნაყიდი გვაქვს და მომავალი წლის ბიუჯეტში ვსვამთ. მოვაწყვეთ დროებითი გადასასვლელი, შედარებით კომფორტულად რომ იმგზავრონ. ხიდი რომელიც ჩაინგრა აღდგენას არ ექვემდებარება და ორი მეტრის დაშორებით, კეთდება ახალი ხიდი. მილიონ ცხრაასი ათასი ლარი არის ახალი ხიდის სამშენებლო ღირებულება. “
თუ ვინ და ზუსტად როდის ააშენებს ახალ ხიდს უცნობია, რადგან ჯერ-ჯერობით ტენდერი არაა გამოცხადებული.