სასმელი წყალი, შიდა გზები – რა სურთ კლდეში მცხოვრებლებს

January 29, 2025

ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები იწყება – როგორ ავრცელებს მერია ინფორმაციას

სასმელი წყალი, შიდა გზები – რა სურთ კლდეში მცხოვრებლებს

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

დავით ცერცვაძე ახალციხის სოფელ კლდეში ცხოვრობს, მას ჩვენ ქალაქიდან სოფელში დაბრუნებისას შევხვდით. გზად ცერცვაძე სოფელში არსებულ სირთულეებზე გვესაუბრება. ამბობს, რომ კლდეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ.  

განრიგს მიღმა გამოსავალი სოფლის ერთ-ერთი წყაროა, საიდანაც წყალს  ადამიანებიც და პირუტყვებიც სვამენ. 

დავით ცერცვაძე გეგმავს, რომ სასმელი წყლის პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გააჟღეროს. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვისას შესაძლოა ადგილობრივებმა სოფლის შიდა გზებზეც ისაუბრონ, რადგანაც ფრაგმენტულად მოწესრიგების ფონზე სოფლის უმეტესი ქუჩა კვლავაც დაზიანებულია. ნესტან ბლუაშვილი გვეუბნება, რომ გასულ წელს შიდა გზების ნაწილი დააგეს, ძირითადად ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ. 

სოფელ კლდეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა 10 თებერვალს არის დაგეგმილი, თუმცა აქ მცხოვრებლების ნაწილი გვეუბნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ნაწილი კი კამერის მიღმა ხუმრობს, რომ სოფლის პრობლემებზე საუბარს თუ დაიწყებენ ციტატა: “რესპუბლიკას დაატოვებინებენ”. 

ახალციხის მერია სოფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის თაობაზე ხალხის ინფორმირებისათვის სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით და სოფლებში საინფორმაციო დაფებზე გაკრული განცხადებებით შემოიფარგლა. მერიაში ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის 45 სოფელში 13 დღის განმავლობაში იგეგმება. 

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს, 45-ვე სოფლისათვის ჯამში 612 000 ლარი გამოეყო. თითოეული სოფლისთვის თანხა 10 000-დან  20 000 ლარამდეა გათვალისწინებული.