შიმშილობის 19-ე დღე, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა, – ინფორმაციას პატიმარი ქალი ჟურნალისტის ჯანმრთელობის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.
“საიას” იურისტი, ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ მათ პენიტენციური დაწესებულებიდან მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან, შესაბამისად მათთვის უცნობია თუ რა კვლევები უტარდება ქალ პატიმარს.
რატომ არ აწვდიან იურისტებს პატიმრის სამედიცინო საბუთებს ? კითხვაზე პასუხი ჩვენ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ვერ მივიღეთ, აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
რამდენად ფლობს სახალხო დამცველი ინფორმაციას, უტარდება თუ არა მზია ამაღლობელს ის სამედიცინო მომსახურება, რაც შიმშილობის დროს პროტოკოლით არის გათვალისწინებული? – ვკითხეთ სახალხო დამცველს, სადაც გვეუბნებიან, რომ ამაღლობელს ამ კვირაში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები უკვე გამოითხოვეს. ხოლო ექიმი უახლოეს პერიოდში ქალ პატიმარს კვლავ მოინახულებს.
მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე მეორე დღეა დმანისელი აქტივისტი, ლაშა ჩხვიმიანი დმანისის მერიასთან შიმშილობს.
იგი გვეუბნება, რომ შიმშილობას მანამ გააგრძელებს სანამ პოლიტ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.
მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება ახალციხეში.