17 დღეა რაც 46 წლის პატიმარს იოსებ გორგაძეს ,,ვივამედის“ კლინიკაში მკურნალობენ. ადვოკატის თქმით, პატიმარს გლდანის ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
რა მოხდა გლდანის ციხეში, ამის გარკვევას იოსებ გორგაძის ახლობლები სხვადასხვა უწყებისგან ელოდებიან.
ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, გორგაძე გლდანის ციხეში სცემეს, ის კლინიკაში თავის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს. თუმცა, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებამ პატიმრის მძიმე დაზიანებების შესახებ ინფორმაცია დამალა. ოფიციალური ვერსიით იგი კლინიკაში ინსულტის ნიშნებით შეიყვანეს.
წალკაში ავტომობილი 4 პირს დაეჯახა, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე – კლინიკაში
ადვოკატის თქმით, გორგაძის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი პატიმრისაგან მიიღო და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებისაგან.
როგორია იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, TOK TV ადვოკატს მუხრან ღურწკაიას დაუკავშირდა.
,,მძიმე მდგომარეობაშია, რჩება მართვით სუნთქვაზე. მას აქვს სახის და თავის ძვლების არაერთი, მრავლობითი მოტეხილობა. ინსულტი დადასტურებული არაა. ყოველდღიურად მაქვს შესაძლებლობა ექიმებისგან მივიღო ინფორმაცია, გაუარესება არაა, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში რჩება. ოჯახის წევრებმა ნახეს, დახედეს და გამოვიდნენ. კომუნიკაცია ფიზიკურად ვერ შედგებოდა მართვით სუნთქვაზეა.
ამ ეტაპზე გამოძიება 118 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს,” – უთხრა ხუთშაბათს TOK TV -ს იოსებ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

იოსებ გორგაძე 3 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, ის 24 ოქტომბერს დააკავეს კოდა-წალკა- ნინოწმინდის გზაზე მომხდარი ავტოავარიის გამო. შსს-ს ინფორმაციით წალკიდან, სოფელ კოდის მიმართულებით ,,ფორდის“ მარკის ავტომობილი ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს დაეჯახა. სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი – წალკის კლინიკაში მიყვანისთანავე, ავტომანქანას გორგაძე მართავდა.
TOK TV -ს ინფორმაციით თავად მძღოლმა დარეკა 112-ზე და ითხოვა დახმარება. ის ადგილზე დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილები იმ დღეს თბილისიდან წალკაში ,,ქართული ოცნების“ აქციიდან ბრუნდებოდნენ.
4 ადამიანი ემსხვერპლა წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევას – შსს
გორგაძის ადვოკატისთვის უცნობია მომხდარის მიზეზი და ვერაფერს უკავშირებენ, რადგან პატიმარს ციხეში არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია.
მუხრან ღურწკაია ადვოკატი: “ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა და ვინც პატიმარი სცემა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.”
“ოფიციალურად ინსულტის გამო შეიყვანეს ადამიანი კლინიკაში, რომელსაც ინსულტი არ აქვს. ეს არის ცრუ ინფორმაცია. რეალობა არის ის რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი. არც ერთი ძვალი არ აქვს მთელი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც დაკავებამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები.“ (ინტერვიუ მუხრან ღურწკაიასთან ჩაწერილია 30 იანვარს)
29 იანვარს, პატიმარ გორგაძის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. მასში წერია რომ:
,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ.-ს მიმართ ძალადობა განხორციელდა“
ჩვენ დამატებითი დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ორივე უწყებაში გვითხრეს რომ ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.
რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს, სიახლის შემთხვევაში მასალა განახლდება.