“რომ წვიმს მეზობელს აქვს ბოსელი და ნარჩენები მოდის ჩემს ეზოში” – რა სურთ მუგარეთში

February 18, 2025

სანიაღვრე არხების არ ქონის გამო, მუგარეთში ლომიძეების საცხოვრებელ სახლში და ეზოში ნალექის შედეგად დაგროვილი წყალი ჩაედინება და სახლს ეტაპობრივად ანადგურებს

რა გადაწყდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ახალციხის სოფელ მუგარეთში ლომიძეების საცხოვრებელი სახლია. კადრებში ხედავთ როგორ მდგომარეობაშია იატაკი და არა მხოლოდ, მასთან ერთად საცხოვრებელ სახლში ნესტისაგან დაზიანებულია და დაბზარულია კედლებიც. 

ოჯახში გვეუბნებიან, რომ სახლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არის სანიაღვრე არხი, უფრო სწორად მისი არ ქონა. ნალექის შედეგად დაგროვილი წყალი პირდაპირ ეზოში ჩაედინება და სახლს ეტაპობრივად ანადგურებს.

ლომიძეებმა სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობის საჭიროებაზე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუგარეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. პრობლემა პრიორიტეტებშიც დასახელდა, თუმცა მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, ისევე როგორც სოფელ კლდეში, აქაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩიეს. 

სოფელ მუგარეთისთვის, პროგრამის ფარგლებში 12 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც, როგორც მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან “საჭიროებისამებრ” შესაძლოა 36 000 ლარამდე გაზარდოს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტში 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.