“სამუშაო არ არის, თოხით ვერ არსებობენ და იძულებული ხდებიან წავიდნენ,”
რა სურთ ახალციხის სოფელ ელიაწმინდაში მცხოვრებლებს – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ელიაწლმინდაა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი. სოფელი ცენტრიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან თითქმის 1 500 მეტრზეა განლაგებული.
საქსტატის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, აქ 116 მოსახლე იყო. აქ მცხოვრები ჟორა კაპანაძე გვეუბნება, რომ ახლა მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია და დაახლოებით 30 კომლს შეადგენს, ახალგაზრდები სოფელს სხვადასხვა მიზეზთა გამო ტოვებენ, მათ შორისაა უმუშევრობა.
ჩვენ ელიაწიმინდაში მცხოვრებლებს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.
შეხვედრა პირველ საათზე იყო დაგეგმილი, ჩვენ ადგილზე 15 წუთით ადრე მივედით, თუმცა დამთავრებული დაგვხვდა. როგორც მერიაში უთხრეს მოსახლეობა მალევე შეიკრიბა და შეხვედრაც დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. მუნიციპალურ ორგანოში გვეუბნებიან, რომ კრებას 22 პირი დაესწრო.
ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ სოფელში საჭიროა სანიაღვრე არხების და შიდა გზების მოწყობა. ასევე, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და საქონლისთვის სასმელი კონტეინერის მოწყობა.
სოფლის კრებაზე, გასული წელის მსგავსად წელსაც სანიაღვრე არხების მოწყობას დაუჭირეს მხარი, თუმცა არხების იმ მონაკვეთის მოწყობა, რომელიც წესით 2024 წელს უნდა დაესრულებინათ, ახლა მიმდინარეობს.
სოფელში გვეუბნებიან, რომ სურთ ბიუჯეტით სანიაღვრეარხის, კიდევ დაახლოებით 200-300 მეტრი მოაწყონ, რადგან არსებული არხი დაზიანებულია, წყალი გადმოდის და ტერიტორიას ტბორავს.
პროგრამის ფარგლებში, ელიაწმინდასთვის, 10 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც საჭიროებისამებრ შესაძლოა 200 %-მდე გაზარდონ.