ე.წ “სკოჩთ” დამაგრებული უსაფრთხოება

February 18, 2025

ელექტრო ენერგიის კაბელების დასაფარად ლამპიონებზე შემოხვეულ წებოვან ლენტს შეხვდებით ე.წ “თერთმეტიანებში” და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე სკვერში

ვრცლად ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ფოტო ახალციხეში, ე.წ 11-იანების დასახლებაში არსებულ სკვერშია გადაღებული. მომხმარებელი ფოტოს გავრცელებასთან ერთად სვამს კითხვას: ვინ იქნება პასუხისმგებელი თუკი ბავშვი აქ ხელს შეყოფს?

ჩვენ ადგილზე დღეს დილით ვიმყოფებოდით. ახლა დაზიანებულ განათების ბოძს ე.წ “სკოჩი” აქვს შემოხვეული. ვინ გადაწყვიტა პრობლემის ამ ფორმით ამოგვარება, უცნობია.  

მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ სკვერში ელექტროენერგია დროებით გამორთულია, რეაბილიტაციამდე. 

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტრო ენერგიის კაბელების დასამალად წებოვანი ლენტია გამოყენებული. იგივე ვითარებაა კოსტავას ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

აქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ და რამდენად არის ღია დენის კაბელების დასაფარად გამჭვირვალე წებოვანი ლენტი უსაფრთხოების გარანტი? – ვკითხეთ მერიას, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა სკვერებში და საჯარო სივრცეებში ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და როგორია ახლა? – გვესაუბრება “სოციალური სამართლიანობის ცენტის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.

ე.წ 11-იანებში არსებულ სკვერში დაზიანებულია საბავშვო სასრიალო ატრაქციონები, რომელსაც მოაჯირები მოტეხილი აქვს, გატეხილია ე.წ ბზრიალა და აიწონა-დაიწონა. 

ასევე, დაზიანებულია სკამები, აცვენილია ატრაქციონების მიმდებარედ მოწყობილი რბილი მოედანი. 

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ სკვერის სრულ რეაბილიტაციას, თუმცა კონკრეტულად ვერც დროს და ვერც ბიუჯეტს ასახელებენ.