ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა

February 21, 2025

გიყვებით თუ როგორი ვითარებაა ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ახალციხის ხელოვნური ტბაა, ტურისტული ადგილი სეზონის მიუხედავად ხალხმრავალია. აქვეა მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სხვა გასართობი საშუალებები. 

თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით თუ როგორი ვითარებაა ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა და რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული მაშინ, როდესაც ლამპიონებთან ელექტრო ენერგიის ღია კაბელები, ე.წ სკოჩით არის დამაგრებული, საბავშვო ატრაქციონები დაზიანებული და ანტისანიტარიის გამო საპირფარეშოები გამოსაყენებლად უვარგისი. 

ჩვენ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების შესახებ მოსახლეობამ შეგვატყობინა და საკითხით დაინტერესება გვთხოვა. 

როგორც კადრებში ხედავთ, საბავშვო ატრაქციონების მიმდებარედ და პარკინგთან არსებული ლამპიონებიდან გამოსული ღია კაბელები ე.წ სკოჩით არის დამაგრებული. 

ტბის ტერიტორიაზე გატეხილი და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები. თუ თავდაპირველად გემი ასეთი იყო, იგი ახლა ასე გამოიყურება.

ეს კადრებიც  ხელოვნური ტბაზე არსებულ საპირფარეშოშია გადაღებული. აქ წყალი არ მოდის და ანტისანიტარიაა. დასვრილი და დაბინძურებულია ნიჟარები, უნიტაზები, იატაკი. გატეხილია კარები, მაგიდები. 

ახალციხის მერიამ, ხელოვნურ ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი, თითქმის 2 მილიონ ლარზე 2021 წელს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს “მშენ +”-მა მიიღო, მერიას სამუშაოების შესრულებისთვის 1 900 000-მდე ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. 

პროექტის ფარგლებში კომპანიამ ზემოხსენებული თანხის სანაცვლოდ მოაწესრიგა ტბამდე მისასვლელი გზა, პარკინგი, სამი სპორტული მოედანი, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და სხვა.

რა მეთოდებს იყენებს ახალციხის მერია, ბიუჯეტით შესრულებული პროექტების დაზიანებისგან დასაცავად, იმ ფონზე, რომ ახალციხის მერიამ ტბაზე და კიდევ რამდენიმე ადგილზე, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის 650 000 ლარი დახარჯა? – კითხვებით მერიას მივმართეთ. 

ჩვენ ასევე ვკითხეთ მერიას თუ რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც ელექტრო ენერგიის კაბელები ე.წ სკოჩით დაამაგრეს და გეგმავენ თუ არა საპირფარეშოს სანიტარულ სტანდარტებში მოყვანას? – მერიიდან პასუხის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. 

ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტრო ენერგიის კაბელები ე.წ სკოჩით არის დამაგრებული, იგივე ვითარებაა ე.წ “თერთმეტიანების” დასახლებაში მოწყობილ სკვერშიც. ე.წ “სკოჩთ” დამაგრებული უსაფრთხოება