67 % არაკვალიფიცირებული ექიმი – აუდიტი სამცხე-ჯავახეთის სოფლის ექიმებზე

March 18, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

სამცხე-ჯავახეთში 97 სოფლის ექიმია დასაქმებული, მათგან უმეტესობა, 67 % არ ფლობს ოჯახის ექიმის კვალიფიკაციას, – დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეკუთვნის. 

დასკვნის თანახმად, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი არასერტიფიცირებული სოფლის ექიმი სწორედ სამცხე-ჯავახეთშია. 

აუდიტის ეს დასკვნა  2023 და 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას მოიცავს.

აუდიტი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სოფლის ექიმების გადამზადების რაიმე პროგრამა, რისი საშუალებითაც ექიმები კვალიფიკაციას აიმაღლებენ და პროფესიულად განვითარდებიან. აქვე ვკითხულობთ, რომ ზემოხსენებულმა გარემოებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ექიმების პროდუქტიულობაზე, რადგანაც ოჯახის ექიმებს თითქმის 60 %-ით მეტი ვიზიტი აქვთ პაციენტებთან, სხვა სამედიცინო რგოლის ექიმებთან შედარებით. 

გარდა ამისა, აუდიტი აქვეყნებს საოჯახო მედიცინის სერტიფიკატების მქონე მონაცემებსაც. სამცხე-ჯავახეთში 62 სოფლის ექიმი სერტიფიკატსაც კი არ ფლობს, მიუხედავად ამისა, თვეში თითოეული საშუალოდ 40-მდე პაციენტს იღებს.

ჩვენს რეგიონში მსგავსი სერტიფიკატი მხოლოდ 32 ექიმს აქვს. უწყებაში ჩვენს რედაქციას დასკვნის თაობაზე დამატებითი შეკითხვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთეს. 

რამდენი ექიმია დასაქმებული სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ამბულატორიებში, როგორია მათი სამუშაო გრაფიკი და რამდენ ექიმს გამოუცხადეს დისციპლინური პასუხისმგებლობა? – ჩვენ ამ და სხვა კითხვებით საჯარო ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან 9 იანვარს გამოვითხოვეთ, უწყებამ კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით, არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა. 

უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ოჯახის ექიმების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

· ადიგენის მუნიციპალიტეტის 36 სოფელში, 15 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში 13 სოფლის ექიმია.
· ასპინძის მუნიციპალიტეტის 23 სოფელში, საქსტატის ცნობით 7 500-ზე მეტი მოსახლეა, აქ 8 სოფლის ექიმი მუშაობს.
· ახალქალაქის 64 სოფელში კი 35 000 ზე მეტი მოსახლეა. ამ მუნიციპალიტეტს 24 სოფლის ექიმი ემსახურება.
· თითქმის 21 000 ადამიანი ცხოვრობს ახალციხის 46 სოფელში და დასახლებულ პუნქტში, მათ 19 სოფლის ექიმი ემსახურება.
· ბორჯომის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში და დაბა ბაკურიანში 15 000-მდე პირი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში 16 სოფლის ექიმია.
· ნინოწმინდის 31 სოფელში 20 000-მდე პირი ცხოვრობს, აქ 17 სოფლის ექიმი მუშაობს. 

მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის სოფლის ექიმებმა გასული წლის სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბრის თვეში ჯამში 13 500-ზე მეტი პაციენტი მიიღეს და გასულ წელს 13 მათგანს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ამავე წყაროს ცნობით, სოფლის ამბულატორიებში დასაქმებული ექიმების ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, 1 362,50 ლარს შეადგენს.

დამატებითი დეტალებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ჩვენ რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ იმ სოფლებში სადაც ამბულატორიები მოწყობილია, ძირითადად დაკეტილია, ანდა  ექიმი კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ისიც რამდენიმე საათით მიდის. 

სოფლებში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ იძულებულები არიან მინიმალური სამედიცინო მომსახურებისთვის ახალციხის ან ადიგენის კლინიკაში წავიდნენ. 

ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ახალციხის სოფელ აგარაში არსებულ ამბულატორიაში ვიმყოფებოდით, თუმცა შენობა ჩაკეტილი დაგვხვდა? – რა მიზეზით არის დაკეტილი? – ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ეს სამედიცინო პუნქტი წესით რამდენიმე სოფელს უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის არის ზიკილია. 

ჩვენ ზიკილიაში მცხოვრებლებთან გასაუბრება ვცადეთ, მათ  სხვადასხვა მიზეზთა გამო, საჯაროდ კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა კამერის მიღმა, სოფელში ამბულატორიის არსებობის საჭიროებაზე საუბრობენ. საქსტატის მონაცემებით, ზიკილიაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

რამდენი ამბულატორია ფუნქციონირებს ახალციხეში და ადიგენში და რა გრაფიკით? – ახალციხის და ადიგენის მერიებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.