დაზიანებული სკვერი, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული მოედანი, კლდეში

March 21, 2025

დაზიანებული სკვერი, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული მოედანი ახალციხის სოფელ კლდის შესასვლელში – ნახეთ სიუჟეტი 

ტექსტი:

ეს ახალციხის სოფელი კლდის შესასვლელში არსებული სკვერია, კარი, რომლის გავლითაც ამ ტერიტორიაზე მოხვდებით ჩამოვარდნილია და იქვეა მიყუდებული. 

აქ, წესით 7 სკამი უნდა იდგეს, თითოეულ მათგანში მერიამ 130 ლარი გადაიხადა. 

ტერიტორია მოუწესრიგებელია და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დაზიანებული.

ეს კი საბავშვო ატრაქციონია. აქ წესით ორი საქანელა უნდა ეკიდოს. ამ ატრაქციონისთვის მერიამ 7 500 ლარი გადაიხადა. დაზიანებული ატრაქციონის ნაწილი, ხეზეა მიყუდებული. 

აქვეა დაზიანებული ე.წ. აიწონა-დაიწონაც, რომელიც თავდაპირველი დანიშნულების ნაცვლად, სავარაუდოდ სკამის მოვალეობას ასრულებს. პროექტის მიხედვით, მერიამ ორი საბავშვო ატრაქციონი იყიდა, ჯამში 1 100 ლარად, თუმცა მეორე ტერიტორიაზე აღარაა. 

ეს, სკვერის მიმდებარედ ძველი საფეხბურთო მოედანია, რომლის მოწესრიგებასაც მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს. მათივე თქმით, ამ მოცემულობით მოედანზე თამაში შეუძლებელია. 

იგეგმება თუ არა სპორტული მოედნის და სკვერის მოწესრიგება? მერიიდან კითხვაზე პასუხის მიღებას ველოდებით. 

ჯამში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წელს, სკვერის და ატრაქციონების მოსაწყობად 75 000 ლარზე მეტი გადაიხადა. ინფორმაცია უწყებამ ჩვენს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწოდა. 

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კლდეში და ივლიტაში სკვერის მოწყობისთვის მუნიციპალურმა ორგანომ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხელშეკრულება შპს “პროგრესს” დაახლოებით 109 000 ლარზე 2021 წლის 3 სექტემბერს გაუფორმა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. 

ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით, კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 15 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა. ჯამში დოკუმენტში 4 ცვლილება შევიდა, სამუშაოების ვადამ 9 დეკემბრამდე გადაიწია და ბიუჯეტი 100 400 ლარამდე შემცირდა. 

სკვერის მოწყობიდან სამ წელზე მეტი გავიდა.