ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
UEFA გუშინდელი მატჩების მასალებს სწავლობს – გიყვებით საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სომხეთის ნაკრები მეორედ დაამარცხა, ამჯერად ანგარიშით 6:1. მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა, თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რამაც, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა უეფას მხრიდან საქართველოს დასანქცირება გამოიწვიოს. უეფაში გვეუბნებიან, რომ სწავლობენ გუშინდელი მატჩების მასალებს, – ამის შესახებ ინფორმაცია უეფამ ექსკლუზიურად მოგვაწოდა.
რა მოხდა
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ, “დინამო არენას” სტადიონზე გულშემატკივრების ნაწილი შეიჭრა, ხოლო ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იყო ფიზიკური ძალადობა, – რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? – სოციალურ ქსელში არაერთი ვერსია ვრცელდება, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თუმასიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი იმ სომეხი ქომაგის ინტერვიუს თარგმანს, რომელიც დაპირისპირების დროს იქ იმყოფებოდა. როგორც ის წერს, სომხეთის გულშემატკივრების მიმართულებით პლასტმასის ბოთლებს და ქილებს ისროდნენ, მათ შორის გაუხსნელს.
“სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიან გულშემატკივრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.
არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!
გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?
გვესროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხი გულშემატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქიდან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებული იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.”
რამ გამოიწვია დაპირისპირება და აღიძრა თუ არა საქმე? – შეკითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებისაგან პასუხი მთელი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.
სოციალურ ქსელში მომხდარის გამო გამარჯვების გამო ქართველი ფეხბურთელების ხოტბაზე მეტად ქართველი ქომაგების კრიტიკას შეხვდებით და როგორც უკვე გითხარით ქმედებების გამო შესაძლოა უეფას სანქციებიც მივიღოთ, მაგრამ ამ ფონზე არაფერს ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს იქვე, VIP ლოჟიდან აკვირდებოდნენ.
ვიდრე გამოძიება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტულ ინფორმაციას გაავრცელებს, ორივე ქვეყნის მოსახლეობა სოც ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებს აანალიზებს. მაგალითად, ვრცელდება ვიდეო, რომელშიც სომეხი გულშემატკივარი, მშობლიურ ენაზე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, არმენ მელიკბეკიანის გადადგომას ითხოვს, სკანდირებენ “მელიკბეკიან წადი“, – ერთ-ერთი ვერსიით, ქართველმა გულშემატკივრებმა სიტყვები მათი მისამართით არასწორად გაიგო.
შეფასება
ქომაგებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მისი თქმით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ქმედება “მიუღებელია და შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს და დააზარალოს საქართველოს ნაკრები.”
რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტადიონზე მომხდარ ინციდენტს? – კითხვით ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ოფიციალურ წარმომადგენლობას მივწერეთ, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინდელ მატჩებთან დაკავშირებით მასალებს სწავლობენ და თუ ეს გამოიწვევს დისციპლინური სანქციების დაწესებას, ვებსაიტზე გამოაქვეყნებენ.
წინასწარ დადგმულ პროვოკაციას და ორივე ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს დინამო არენაზე მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია, “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი.
საქართველო-სომხეთს შორის ორი მატჩი გაიმართა, ჯამში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, სომხეთის კარში 9 გოლი გაიტანეს.
შემდეგ ეტაპზე საქართველო ესპანეთს, თურქეთს, ბულგარეთს დაუპირისპირდება.