შესაძლებელი იქნება თუ არა ,ახალციხეში ისტორიული რაბათის დასახლებაში, სასაფლაომდე მისასვლელ ხიდზე გადასვლა? – რომლის რეაბილიტაციაც 2023 წელს დაიწყო და სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა?
ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, მარტის თვეში, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ხიდი ისეთ მდგომარეობაში იქნებოდა, რომ წინასააღდგომოს მასზე გადასვლა შესაძლებელი ყოფილიყო.
მილხიდის მოწყობის გრძეეეეეელი ისტორია – ახალციხე
ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა, ხიდი ასეთ მდგომარეობაშია.


როდის დასრულდება სრულად ხიდის მოწყობა? ახალციხის მერიასა და სხვადასხვა დროს “ენმ”-სა და “ქართული ოცნების” შემწირველის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით, სამუშაოები 2 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილი არაერთი ცვლილების გამო, სამუშაოების შესრულებამ – 30 მაისამდე გადაიწია.
მოსახლეობა რაბათში, ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 15 წელია ითხოვს, ჩვენმა რედაქციამ თემაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო.
ახალციხის მერიამ თავდაპირველად ტენდერი, მილხიდის მოწყობის მიზნით, 431 000 ლარზე, 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი მაშინაც შპს “არალმა” მიიღო და წესით, სამუშაოები 2023 წლის 29 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, მეშვიდე ცვლილება ხელშეკრულების შეწყვეტას ეხებოდა.
როგორც მაშინ, მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, სამუშაოების დაწყების დროს მილხიდის ქვეშ კიდევ ახალი ხიდი აღმოჩნდა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რამაც ხელშეკრულების შეწყვეტა და მილხიდის ნაცვლად, ხიდის მოწყობის საჭიროება გამოიწვია.
მილხიდის ნაცვლად ხიდი – ტენდერი რაბათში
5 სოფელთან დამაკავშირებელი, 8 მეტრიანი მილხიდის და შემდგომ ხიდის, მოწყობის პროცესი მესამე წელია მიმდინარეობს.