ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
- საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრი;
- სამხედრო წვრთნები და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები;
- საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერება – რა პროექტები განახორციელა ამ დროის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მხარდასაჭერად – ნახეთ სიუჟეტი
რა ეტაპზეა ახლა ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა? ჩვენ ინფორმაციის მიღება ვცადეთ საქართველოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისგან. მათგან, ჩვენს ზარებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს და გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად გამოგვეთხოვა. ჩვენმა რედაქციამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით უწყებას უკვე მიმართა.
ტექსტი:
ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი, ორფოლოს სამხედრო პოლიგონი, 2021 წლის აგვისტო. პოლიგონზე ქართველი, ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2 500 ჯარისკაცია, რომლებმაც მრავალეროვნული სწავლება “მტკიცე სული 2021” გაიარეს. ამავე დღეს, პირველად გამოიყენეს ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა დიდგორი მეომარი და მედევაკი.
მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საქართველოში 2013 წლიდან იმართება, რომლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება, ურთიერთ-თავსებადობის ამაღლება და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა.
NATO-საქართველო
საქართველო-ნატოს ურთიერთობები სათავეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეორე წელსვე, 1992 წლიდან იღებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო, საქართველო შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი შეიცვალა. ეს იყო ქვეყნის განაცხადი, რომ იგი პოლიტიკური ფასეულობების ძირფესვიანად გადაფასებას იწყებდა.
33 წლის განმავლობაში ნატოსთან პარტნიორობით საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების გაძლიერების და მოდერნიზების მიმართულებით, ათობით პროექტი და პროგრამა დაიწყო და განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ნატო ჩართული იყო საქართველოში საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერების, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ პროგრამების განხორციელებაში.
ნატოს სახელს უკავშირდება, საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრის გახსნაც, სადაც სამხედრო სწავლებები იმართება. სკოლა 2006 წლის 14 აგვისტოს დაარსდა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნები და სამხედრო განათლების სწავლება მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.
2010 წელს ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი.
ჰიბრიდული ომის მკვლევრის, დავით ძიძიშვილის თქმით, ეს იყო საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, სასწავლო ცენტრი.
ორფოლოს პოლიგონზე წვრთნებამდე და საჩხერის სამთო სკოლამდე იყო, პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისთვის”. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1994 წელს, საქართველო
ზემოხსენებული პროგრამის მონაწილე გახდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ქვეყნის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ვინაიდან ამ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, მთავარ ამოცანას, საგარეო საფრთხეს რუსეთის დაბალანსება წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართებოდა სამხედრო წვრთნები და სამეთაურო საშტაბო სწავლებები.
ნატო საქართველოს პარტნიორობა დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა, საქართველოს თავდაცვის ძალები მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო წვრთნებში, მისიებში, ჩვენი ქვეყანა მონაწილეობდა სამიტებში და მინისტერიალებში და თავის მხრივ მასპინძლობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს, მაღალი რანგის სამხედრო პირებს.
შედეგად, გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რადგან ნატოსთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ დაცულია ქვეყნის ტერიტორიები, – გვეუბნება “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი, შოთა კაკაბაძე.
რატომ აღმოჩნდა საქართველოსთვის ნატო სტრატეგიული პარტნიორი? – დიპლომატის და მკვლევრის, გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოსთვის, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ნატო იყო დამოუკიდებლობის გამყარების და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი მექანიზმი.
სად ვართ ახლა, ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 33 წლის თავზე და როგორი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით? – ვკითხეთ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს.