უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სახელით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას “საია” ავრცელებს.
“ყოველგვარი საჭიროების გარეშე მის მიმართ გამოიყენეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძება ეს ყოველივე განხორციელდა ბოროტი მიზნით,” – დავით ჯავახიშვილი, “საიას” საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი
გავრცელებულ განცხადებაში იურისტები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი);
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი);
- კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება);
- უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ორჯერ, ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცოტა ხანში გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
იურისტები ამბობენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურ მოტივებს მიუთითებს.
მზია ამაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.