სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

May 6, 2025

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი პოსტი ზაალ გელაშვილმა დაიკავა. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გელაშვილი ამ დრომდე “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში”, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. მანამდე კი შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

აღნიშნულს გვიდასტურებს ბორჯომის მერი, ოთარ არბოლაშვილი და “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე.

რატომ დაატოვებინეს პოსტი ბესიკ ამირანაშვილს? ამ კითხვებით ჩვენ მასვე დავუკავშირდით, თუმც გვითხრა რომ “გზაში იყო, ტელეფონი არ იჭერდა” და გაგვითიშა.

იგივე შეკითხვით ჩვენ, სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციასაც დავუკავშირდით. იქ მიზეზები არ დაგვისახელეს და გვითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. 

ბესიკ ამირანაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს, 2018 წლის 20 აგვისტოდან დღემდე, 6 მაისამდე იკავებდა. 

ბესიკ ამირანაშვილის სახელს უკავშირდება, რეკორდულად ბევრი რაოდენობის გახარჯული საწვავი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, მხარის რწმუნებულებს შორის, 2021 წელს ყველაზე მეტი საწვავი სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელმა, ბესიკ ამირანაშვილმა დახარჯა. 

კვლევის მიხედვით, მის მიერ გახარჯული თითქმის 11 000 ლიტრი საწვავით მას საშუალოდ 70 000 კმ-ზე მეტის გავლა შეეძლო,  რითაც დედამიწას თითქმის ორჯერ შემოუვლიდა.

საკადრო ცვლილება კიდევ 4 სამხარეო ადმინისტრაციაში მოხდა:

  • მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულად — ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნეს,
  • შიდაქართლში — სიმონ გულედანი,
  • გურიაში — გიორგი ღურჯუმელიძე,
  • ქვემო ქართლში — ლევან ხარაბაძე.