კერძო ბაღების რეგულირება – განუხორციელებელი იდეა 2016 წლიდან

May 7, 2025

ვინ იცავს ბავშვების უსაფრთხოებას და უფლებებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში? – სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, გიორგი მესხიძის თქმით, ამ დროისთვის კერძო საბავშვო ბაღებს მონიტორინგს არც ცენტრალური და არც მუნიციპალური ორგანოები არ უწევს, გარდა ბაღის მენეჯმენტისა.  

ჩვენ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა 5 მაისს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზი. 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი გათიშულია, ხოლო ბაღში სასწავლო პროცესი უკვე მესამე დღეა შეწყვეტილია. 

სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, გიორგი მესხიძე გვეუბნება, რომ 2016 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, კერძო ბაღებისთვის აკრედიტაცია მუნიციპალიტეტებს უნდა მიენიჭებინათ, შესაბამისად მუნიციპალიტეტს უნდა გაეწია მონიტორინგი საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების დაცვის მიმართულებით. 

მისივე თქმით, ამავე წელსვე საქართველოს მთავრობას დაევალა ავტორიზაციის წესის მიღება, თუმცა ასე არ მოხდა. 2022 წელს, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ბაღების ავტორიზაცია “განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს” დაევალა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი (ავტორიზაცია სკოლამდელია აღზრდის დაწესებულებამ 4 წელში ერთხელ უნდა გაიაროს)

რა გახდა ცვლილებების მიზეზი? – ამის გარკვევა ჩვენ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

“განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში” გვეუბნებიან, რომ აკრედიტაციის პროცესი წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორც საჯარო ისე – კერძო ბაღების აკრედიტაცია, შესაბამისად მათვე დაევალებათ დაწესებულებების მონიტორინგიც. 

ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია იმ დაწესებულებათა სია, რომლებმაც წელს უნდა გაიარონ აკრედიტაცია, თუმცა ამ სიაში ის ბაგა-ბაღი არაა, რომელშიც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 

და მაინც, რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს? – გიორგი მესხიძის თქმით, მუნიციპალიტეტის “ბავშვთა უფლებების კოდექსის” ფარგლებში შექმნილი განყოფილებების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ თუ რამდენად არის დაცული კერძო ბაღებში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება. 

რამდენად იყო ჩართული მუნიციპალური ორგანოები საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების უფლებების შესწავლის მიმართულებით და რა იგეგმება ახლა ? – უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მარინა მერაბიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ კერძო ბაღები მათ რეგულირებას არ ექვემდებარებიან, შესაბამისად პროცესზე არც ზედამხედველობას ახორციელებენ.

რა მოხდა ახალციხის კერძო ბაღში – რეგულირების და გამოძიების მოლოდინში

რა მოხდა ბაგა-ბაღში

ამ დრომდე უცნობია რამ გამოიწვია 2 წლის ბავშვის გარდაცვალება, ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, დავით მერაბიშვილიო გვეუბნება, რომ ექსპერტიზის დასკვნას ერთი თვე დასჭირდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი ბაღში შეუძლოდ გახდა და პერსონალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

რამდენად სწრაფად მოვიდა ჯგუფი, კითხვა ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დავუსვით. მისი ინფორმაციით, ჯგუფი რამდენიმე წუთში მივიდა და დაგვიანება არ უფიქსირდებათ.

ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანა, თუმცა რა მდგომარეობაში იყო იგი არც კლინიკის და არც სასწრაფოს ჯგუფის წარმომადგენელი არ გვეუბნება.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.