მედიის დაბლოკვით და დახურულ კარს მიღმა – სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი დღე

May 8, 2025

სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სამუშაო პროცესს მედიის დაბლოკვით და დახურულ კარს მიღმა შეხვედრით იწყებს

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის პირველი სამუშაო დღე, სადაც იგი მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს წარუდგინეს, დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე შედგა. 

არადა, ზაალ გელაშვილმა გუშინ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ წარდგენის დროს მივსულიყავით და ჩვენს კითხვებს მაშინ უპასუხებდა.

სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ შეხვედრა მედიისთვის დაკეტილი იყო და კადრებს თავად გაავრცელებდნენ. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, უწყებაში გვითხრეს, რომ ზაალ გელაშვილი კომენტარს დღეს არა, თუმცა ხვალ, 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთებს. 

მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს შეხვედრიდან გამოსულმა მუნიციპალიტეტების მერებმა, გარდა ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილისა. 

ზაალ გელაშვილმა, დანიშვნისთანავე ჩვენი სამი თანამშრომლის ტელეფონი დაბლოკა. საკუთრივ გელაშვილი აღნიშნულს უარყოფს, თუმცა მისი ტელეფონის ნომერზე დარეკვა ამ დრომდე შეუძლებელია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი  მედიის გარეშე განიხილება. სამხარეო ადმინისტრაციის თითქმის ყველა ღონისძიების კარი, წლებია მედიისთვის დაკეტილია. 

რამდენად მნიშვნელოვანია მედიას ხელი არ შეეშალოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში? მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე გვესაუბრება. 

გუბერნატორთა ცვლილება

2018 წელს, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს დანიშნული, სამცხე-ჯავახეთის აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან  6 მაისს გადააყენეს და მის ნაცვლად ზაალ გელაშვილი დანიშნეს. რამ გამოიწვია ცვლილება? – მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მხოლოდ

გავრცელებული ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ხოლო საკუთრივ ამირანაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

ვინ არის ზაალ გელაშვილი? – როგორც გავარკვიეთ იგი “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში”, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გარდა ამისა, გელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.