აჭარის რეგიონული მედიის, “აჭარა თაიმსის” ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე გვეუბნება, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხელები გადაუგრიხეს და სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
როგორც სულხან მესხიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, დეპუტატებს მისი დასმული შეკითხვები არ მოეწონათ და გაღიზიანდნენ. მესხიძე გვეუბნება, რომ ამ დრომდე არ განუმარტავთ მისთვის თუ რა მიზეზით შეეზღუდა საჯარო სხდომაზე დასწრება და გაშუქების შესაძლებლობა.
მიზეზების გასარკვევად ჩვენ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ ირემაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
დაიწყო თუ არა მოკვლევა ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა”? – უწყებაში გვითხრეს, რომ მოიკითხავენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები, რეგიონულ მედიას უპირისპირდებიან. მათ შორის, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ჩვენს საქმიანობას “მავნებლობა” და “ჭორაობა” უწოდა.
ჩვენ უკვე მეორე წელია მუნიციპალური ღონისძიებების(გარდა საკრებულოს სხდომისა) და რეგიონში მინისტრების ვიზიტების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ გვატყობინებენ.