“საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ლიკვიდაცია იგეგმება

June 4, 2025

“საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ლიკვიდაცია იგეგმება, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ცენტრის ქვემო-ქართლის ოფისის კოორდინატორმა, თემო სუყაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და თან დაურთო განცხადების ფოტო სადაც საუბარია, რომ თანამშრომლები ცენტრის ლიკვიდაციის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე გააფრთხილეს. 

ინფორმაციას TOK2Regions-ს გვიდასტურებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ: “რეორგანიზაციის შედეგად გადმოდის ცენტრალურ აპარატში.”

საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი, თეონა ზურაბაშვილი გვეუბნება, რომ მსგავსი შინაარსის მეილი მასაც მიუვიდა.

რა მიზეზით უქმდება საინფორმაციო ცენტრი? – ჩვენ ამის გარკვევას საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვცდილობთ. უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი” ერთ-ერთია იმ უწყებათაგან, რომელმაც “ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ, 28 ნოემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების რამდენიმე წლით შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელთა ნაწილმა, სხვა საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

ამავე თემაზე ნახეთ მასალა: რატომ დუმს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი