“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად “ოცნება” ეუთო/ოდირს არ იწვევს, – ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, ადგილობრივ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის “მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არის და მათ საპარლამენტო არჩევნებზე იწვევენ.”
ეუთო/ოდირი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, ამას კობახიძემ “გადახვევა” და “გამონაკლისი” უწოდა და თქვა, რომ იმდროინდელი არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან.
“შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით,” – განაცხადა კობახიძემ.
ეუთო/ოდირი, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, 2006, 2017, და 2021 წლებში, მათ გარეშე 2014 წლის არჩევნები ჩატარდა.