ნინოწმინდის მერია, ორი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადების რეაბილიტაციას გეგმავს

July 3, 2025

ნინოწმინდის მერია, ორი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადების რეაბილიტაციას გეგმავს, რომლისთვისაც ჯამში 180 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების N7-ში და ჰოვსეფიანის N18-ში მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია. 

ტენდერი ორ ეტაპადაა გამოცხადებული, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე კორპუსისთვის 85 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჰოვსეფიანის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი შენობისთვის – 93 000 ლარი. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება “ფასადებზე არსებული კედლიდან ძველი ნალესისა და ქვიშა ცემენტის ნაშხეფის ჩამოყრას და ხელახლა შელესვა შეღებვა წყალმედეგი წყალემულსიური ფასადის საღებავით, სადარბაზოს ფანჯრების დემონტაჟი და მეტალპლასტმასის ფანჯრის მოწყობა, წინა ფასადის სახურავის შეკეთება და წყალჩამონშვები მილის მოწყობა.”

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.