ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, რას ამბობენ დაკავებულების ოჯახის წევრები – ახალციხე 

September 5, 2025

30 პირი დააკავეს სამცხე-ჯავახეთში და კახეთში სპეცოპერაციის შედეგად, – შსს-ში მიუთითებენ, რომ მათ ქუდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ ბრალი. მათივე ცნობით გარდა 30 პირისა, 2 ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

რა მხოდა?

ჩვენი რედაქცია დილიდან ცდილობდა გაერკვია თუ რასთან იყო დაკავშირებული წუხელ ღამინდელი სპეცოპერაცია, ვინ და რა მიზეზით იყვნენ დაკავებულები. ჩვენ რადმენიმე დაკავებულის ოჯახის წევრს ვესაუბრეთ, მათგან არცერთმა საჯაროდ გამოჩენა არ ისურვა, თუმცა მიუთითებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები უსამართლოდ დააკავეს. 

“უაზროდ დააკავეს. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან,” – გვეუბნება, ერთ-ერთი დაავებულის ოჯახის წევრი.

“წუხელ გვიან ღამით დააკავეს, რაღაცას ედავებოდნენ, კონკრეტული მიზეზი არ ვიცით,” – გვითხრა კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა. 

ოფიციალური უწყება

ჩვენი რედაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მირებას მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა მათგან პასუხი მანამ ვერ მივიღეთ, სანამ სპეციალური ბრიფინგი არ გამართეს. 

შსს-ს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 19 პირი, მხარდაჭერაზე 7 და წევრობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ხოლო, ე.წ კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად “ჭინკას” და თ.კ-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

 პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე,  ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები,  რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.