„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ცენტრალურ შტაბში პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები რეგიონებში მერობის კანდიდატებსა და მაჟორიტარებს წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ შეხვდნენ. მათ რეგიონებში არსებულ ვითარება განიხილეს და საარჩევნო კამპანია შეაჯამეს.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად „უსამართლო პირობებისა“, ოპოზიცია მზად არის იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს: „შეხვედრა გვქონდა ჩვენი კანდიდატებთან რეგიონებში, იმისთვის, რომ შეგვეჯამებინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ცხადია, სრულიად უსამართლო პირობებია. „ქართული ოცნება“ კვლავ იყენებს აპრობირებულ მეთოდებს – ზეწოლას, დაშინებასა და მოსყიდვას. თუმცა ჩვენი კანდიდატები შემართებით არიან და განზრახული აქვთ, თითოეული ხმა დაიცვან.
საარჩევნო დღეს მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამომრჩევლის მობილიზაცია, რადგან თითოეული ოპოზიციური ხმა ნიშნავს „ქართული ოცნების“ დასუსტებას,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციური კანდიდატები უშუალოდ იცნობენ მოქალაქეების პრობლემებს და მათთვის ხმის მიცემა პოზიტიური ცვლილებების მიღწევის გზაა.
შეხვედრაზე გაერთიანების პარტნიორ პარტიასთან – „გახარია საქართველოსთვის“ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას,მერობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ ბორჯომში ჰყავს.
საქართველოში მუნიციალური არჩევნები, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას, პროტესტის ნიშნად, არ იღებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 17-მა პარტიამ მიმართა.