რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა

October 2, 2025

ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) შედარებით ახალი კონცეფციაა და
აერთიანებს ისეთ ელემენტებს, რომლებიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში
დამოუკიდებლად ვითარდებოდა. აღნიშნული ელემენტების ერთ ჩარჩოში მოქცევის
შემდეგ კი პროცესი გახდა უფრო სტრუქტურიზებული და შესაბამისად შეიქმნა
სისტემური განვითარების შესაძლებლობა.


ტერმინი ხარისხის ინფრასტრუქტურა გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების,
სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს
პროდუქციის, სერვისების, პროცესებისა და სისტემების შესაბამისობას ხარისხის,
უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტიანობის მოთხოვნებთან.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად
ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია
არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების
ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია
იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული
არჩევანის გაკეთება შეძლოს და ამგვარად, დაიცვას საკუთარი უფლებები.

ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითადი მიზნები

მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი. ხარისხი დიდწილად მწარმოებლის არჩევანია, ხოლო უსაფრთხოება არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომლის უზრუნვლყოფის გარეშეც პროდუქტი არ უნდა იწარმოებოდეს და არ უნდა გადიოდეს გასაყიდად. სწორედ ამ უსაფრთხოების მოთხოვნებს აყალიბებს და ავითარებს ხარისხის ინფრასტრუქტურა.

მაგალითად, კონკრეტული არასასურსათო პროდუქტი შესაძლოა არ გამოირჩეოდეს მაღალი
ხარისხით, თუმცა მისი მოხმარება მომხმარებლისა და გარემოსთვის უნდა იყოს
უსაფრთხო.

არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება

ისეთი არასასურსათო პროდუქტები, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, სამშენებელო
მასალები, ავეჯი და ხის ნაწარმი, შესაფუთი მასალები, ელექტრომოწყობილობები,
საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსმეტიკა და სხვა, ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნაწილია.
თუმცა ამ პროდუქტებს თან ახლავს უსაფრთხოების რისკები — მათ შეიძლება გამოიწვიონ
ალერგია, დაგვაზიანონ ფიზიკურად და ა.შ. სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა ქმნის
სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარი პროდუქტების უსაფრთხოებას:


● ტექნიკური რეგლამენტები განსაზღვრავს უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს.
● შესაბამისობის შეფასება და აკრედიტაცია უზრუნველყოფს კომპეტენტურ შემოწმებას.
● სტანდარტიზაცია ქმნის ერთიან მოთხოვნებს საერთაშორისო დონეზე.
● ბაზარზე ზედამხედველობა კი ამოწმებს, პასუხობს თუ არა ბაზარზე განთავსებული
პროდუქტი შესაბამის ნორმებს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებთან ან
ადამიანის სხეულთან შემხებლობაშია. ასეთია, მაგალითად, სათამაშოები,
ელექტრომოწყობილობები და კოსმეტიკა. ხარისხის ინფრასტრუქტურის მიზანია
მომხმარებლისა და გარემოს დაცვა.

ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა

ერთი მხრივ, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და მისი ელემენტების განვითარება
სახელმწიფო დონეზე, ხოლო მეორე მხრივ, წარმოების პროცესში ორგანიზაციების მიერ
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს: წარმოების ერთგვაროვნებას,
პროცესების ოპტიმიზაციას, წუნდებული პროდუქციის შემცირებასა და ხარისხისა და
სანდოობის ზრდას.

ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა

ხარისხის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო დონეზე ვითარდება – UNIDO, ISO,
საერთაშორისო მეტროლოგიისა და აკრედიტაციის ორგანიზაციები ქმნიან აღიარებულ
ქსელს, რომელიც ხელს უწყობს: გლობალურ სანდოობას, ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბებას, პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევასა და საერთაშორისო ვაჭრობის
გამარტივებას.

ინოვაციების წახალისება

ინოვაციური პროდუქტი თუ მომსახურება ვერ მოიპოვებს ნდობას, თუ არ არის
სტანდარტიზებული და სანდო ინსტრუმენტებით დადასტურებული. ხარისხის
ინფრასტრუქტურა: ამცირებს შეცდომებისა და შეუსაბამობის რისკს, ქმნის საერთო ენას
ინოვატორებისთვის და ეხმარება პროდუქტებს მიაღწიონ საერთაშორისო შესაბამისობას.

გარემოზე ზრუნვა

ხარისხის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის
მიმართულებითაც. სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია და მეტროლოგია ხელს უწყობს
ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტექნოლოგიების დანერგვას. მაგალითად, ISO 14001
ეხმარება ორგანიზაციებს: შეამცირონ მავნე ზეგავლენა გარემოზე, აკონტროლონ ნარჩენები,
შეამცირონ ენერგომოხმარება და ნახშირბადის ემისიები.

ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები

ხარისხის ინფრასტრუქტურა აერთიანებს ექვს ძირითად ელემენტს, რომლებიც
ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული:

მეტროლოგია არის მეცნიერება საზომ ერთეულთა შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს
გაზომვების სიზუსტეს, მიკვლევადობასა და თანმიმდევრულობას. საქართველოში
აღნიშნულზე პასუხისმგებელია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის
ეროვნული სააგენტო, რომელიც ნერგავს და ამტკიცებს სტანდარტებს. აღნიშნული
სააგენტო უზრუნველყოფს მოწყობილობების დაკალიბრებასა და შესაბამისობას
საერთაშორისო მოთხოვნებთან.

სტანდარტიზაცია არის ტექნიკური სტანდარტების შემუშავება და გამოყენება
პროდუქტებისა და სერვისების თანმიმდევრულობის, უსაფრთხოებისა და თავსებადობის
უზრუნველსაყოფად.

აკრედიტაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო ორგანო აღიარებს, რომ
ორგანიზაცია კომპეტენტურია კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად (მაგ.
ტესტირება, ინსპექტირება, სერტიფიცირება). საქართველოში აკრედიტაციის პროცესზე
პასუხისმგებელია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი.

ტექნიკური რეგლამენტი არის საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს
უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს პროდუქტებზე,
პროცესებსა და სერვისებზე. აღნიშნული დოკუმენტები ასევე ადგენს ტესტირების,
სერტიფიცირებისა და ეტიკეტირების პროცედურებს.

შესაბამისობის შეფასება შეიცავს ტესტირებას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას.
აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქტი ან სერვისი შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებსა
და სტანდარტებს.

ბაზარზე ზედამხედველობა მოიცავს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესაბამისობის
შემოწმებას სტანდარტებისა და რეგლამენტების მოთხოვნებთან. ეს პროცესი გულისხმობს
ამკრძალავი ღონისძიებებისა და ინსპექტირებების გამოყენებას საფრთხის შემცველი
პროდუქტების გავრცელების შეზღუდვის მიზნით. საქართველოში ამ პროცესზე
პასუხისმგებელია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

ხარისხის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს სტრატეგიულ პლატფორმას, რომელიც
აერთიანებს უსაფრთხოებას, განვითარებას, გარემოსა და მომხმარებლის ინტერესების
დაცვას. მისი ეფექტიანი მუშაობა უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი
კეთილდღეობის ზრდას, ისე ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს.

პროექტი “QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება” ხორციელდება ჩეხეთის
განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით. პროექტის მთავარ მიზანს, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად
პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.