ძაღლი მელამ დაკბინა – ცოფის შემთხვევა წალკაში

October 13, 2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას “სურსათის ეროვნული სააგენტო” ავრცელებს.

წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ ძაღლი რამდენიმე დღის წინ, მელამ დაკბინა. ხოლო, ძაღლს არცერთი ადამიანისთვის არ უკბენია. 

სეს-ის ინფორმაცით, სოფელში დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები, ცხოველების ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები და ზედამხედველობა.

“უწყება, მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად აცრან შინაური ცხოველები და მხარი დაუჭირონ უპატრონო ძაღლების კონტროლის პროგრამას, რათა თავიდან აიცილონ ცოფის გავრცელება და დაიცვან ადამიანების სიცოცხლე,” – ნათქვამია განცხადებაში. 

აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაციის პროგრამა? – მერმა, ილია საბაძემ ჩვენს კითხვას არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. 

სეს-ის ცნობით, წელს საქართველოში ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.