ახალციხეში, მეორე საჯარო სკოლის შესახებ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების მშობლების ნაწილი მედიის დასწრებას ითხოვდა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელდებოდა მედიის გარეშე ფორმატში და შეხვედრა დაგვატოვებინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მშობლების ნაწილი მიუთითებს, რომ “ხმალაძემ მორიგ უსაფუძვლო დაპირებებზე ისაუბრა” – მათი განცხადებით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა 20 ოქტომბრამდე მოითხოვა ვადა. ამ პერიოდში ისინი გაგზავნიან შესაბამის უწყებასთან წერილს, რომ მეორე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოიყოს ფართი, სადაც ისინი პირველ ცვლაში დაიწყებენ სწავლას, ახლა მოსწავლეები პირველ საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში დადიან.
წინააღმდეგ შემთვევაში კი – მშობლები პროტესტის გაგრძელებს აპირებენ. მშობლების უმეტესი ნაწილი გეგმავს ბავშვები სკოლაში მანამ არ გაუშვან, სანამ არ იქნება კონკრეტული გეგმა თუ როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია.
ასევე, მშობლების ერთ-ერთი მოთხოვნა, მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არც ხათუნა ხმალაძემ და არც ბელა დიასამიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და მოსწავლეების აღნიშნულ შენობაში დაბრუნების მოთხოვნით, ახალციხეში საპროტესტო აქცია გრძელდება.
მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ, რეაბილიტაციის მიზნით, დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას: არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ.