“მთელი ქალაქი კვამლშია გახვეული, სახლში შემოდის!” – ახალციხეში სავარაუდოდ ფოთლებს წვავენ

November 12, 2025

რამდენიმე დღეა, ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მძაფრი სუნი დგას. მოქალაქეების თქმით, ქალაქი თითქოს ნისლშია გახვეული, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, კვამლია, რომელიც ღია ცეცხლზე ფოთლებისა და სხვა ნარჩენების უკონტროლო დაწვამ გამოიწვია. 

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აქტიურად წერენ, რომ ჰაერი გაჯერებულია კვამლით, რაც განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებს. 

“საბარგო სადგურზეც იგივე მდგომარეობაა, ვერ გაგვიფენია სარეცხი.“ 

“მთელი ქალაქი კვამლშია გახვეული, სახლში შემოდის!” 

“ეს ყოველ შემოდგომაზე ხდება. ყველა ხედავს, მაგრამ რეაგირება ნულია.” 

წერენ მოქალაქეები.

დავუკავშირდით ახალციხის მერიას კითხვით: აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტში წვავდნენ ე.წ საშემოდგომო ნარჩენებს, რომლის დაწვაც “ნარჩენების მართვის კოდექსის” 35-ე მუხლის მიხედვით აკრძალულია და როგორია მათი ზედამხედველობის სამსახურის რეაგირება? – უწყებიდან პასუხის მიღებას ველდოებით.

რას გვეუბნება კანონი: “ნარჩენების ღია წვა აკრძალულია ფოთლებისა და სხვა ბალახოვანი ნარჩენების ღია ცეცხლზე დაწვა საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით აკრძალულია. ეს არის უშუალოდ კანონის დარღვევა, რადგან ამ პროცესში გარემოში გამოიყოფა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები. ნარჩენების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირებისთვის 200 ლარია განსაზღვრული, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარი. თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ყოველწლიურად მეორდება, დამრღვევთა მიმართ რეაგირება მინიმალურია.”

რა იწვევს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდას? – გარემოსდაცვითი საკითხების სპეციალისტის, ნინო ჩხობაძის თქმით, მყარი ნაწილაკების ზრდა გამოწვეულია გამონაბოლქვით და სხვადასხვა ნარჩენების წვით, მათ შორის ე.წ საშემოდგომო ნარჩენებით. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში PM10 – 118.52 მდეა, ხოლო PM2.5 55.91-მდე. ანუ, კონცენტრაცია ორჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს.

ნინო ჩხობაძე, მოსახლეობას მოუწოდებს ფოთლების და სხვა ნარჩენების დაწვის ნაცვლად, კომპოსტი მოამზადონ, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთების განოყიერებისთვის გამოიყენებენ.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება