დაზიანებული საავტომობილო გზა ახალციხის სოფელ ივლიტაში – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ახალციხის სოფელი ივლიტაა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 3 კილომეტრით არის დაშორებული. საქსტატის ბოლო ცნობებით, სოფელში 230-მდე ადამიანი ცხოვრობს.
აქვეა ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის სახურავის დაზიანების და რეაბილიტაციის შესახებაც გასულ წლებში არაერთი რეპორტაჟი შემოგთავაზეთ.
როდის და რა სახსრებით აღდგება ივლიტას დაზიანებული ტაძარი
ასევე, განახეთ თუ როგორ აღნიშნავდნენ მართლმადიდებლები შობას.
თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით სოფელში არსებულ დაზიანებულ საავტომობილო გზაზე. როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან და კადრებშიც ჩანს, ასფალტი დაბზარულია და გზებზე ორმულებია.
ადგილობრივების თქმით, გზა განსაკუთრებით მას შემდეგ დაზიანდა, რაც მიმდებარედ, ხიდის მშენებლობა დაიწყეს.
იგეგმება თუ არა და როდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია? – ეს შეკითხვა ახალციხის ახალარჩეულ მერს, ვარლამ წიკლაურს დავუსვით. მან გვითხრა, რომ თვითონ ჩავა სოფელში და გაერკვევა თუ რა საჭიროებები აქვთ იქ მცოხვრებლებს.
გარდა მთავარი საავტომობილო გზისა მოსახლეობას დაზიანებული შიდა საავტომობილო გზებიც აწუხებს. სწორედ ამიტომ, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მოსახლეობის უმეტესობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია.
ახლაციხის მერიამ, გზების რეაბილიტაციის ტენდერი, 30 000-მდე ლარზე, 7 ივლისს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა შპს “მშენსერვისმა” მიიღო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას გზის მოწესრიგება 26 000-მდე ლარი დაუჯდა.