ახალციხეში, ივლიტის ეკლესიის მიმდებარედ, საავტომობილო გზასთან, ავტობუსის მოსაცდელი, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში ემსახურებოდა, ახალი გზის გაყვანის შემდეგ მოხსნეს.
ადგილობრივები ახლა ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან.
მოსახლეობა მოსაცდელის აღდგენას ითხოვს – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ახალციხის მუნიციპალიტეტია. ივლიტას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. ამ ადგილზე, წლების განმავლობაში ავტობუსების გაჩერება იყო მოწყობილი, რომლითაც ივლიტაში მცხოვრებლები და ეკლესიის მრევლი სარგებლობდა.
თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ, მას შემდეგ, რაც აქ ახალი საავტომობილო გზა გაიყვანეს, ამ ტერიტორიაზე მოწყობილი მცირე ზომის ნაგებობა მოშალეს. მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, ნებისმიერ ამინდში, ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან.
ე.წ. მოსაცდელის გაუქმების შემდეგ, ტრანსპორტის ნაწილი ხშირად უკვე აღარ აჩერებს.
სოფელ ივლიტაში მცხოვრებლები, ნაგებობის დამონტაჟებას ითხოვენ და სავარაუდო ადგილად განიხილავენ ტერიტორიას, სადაც ახლა ახალციხის აბრაა მოწყობილი. გვეუბნებიან, რომ ახალციხის მერიაში წერილიც გაგზავნეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.
ადასტურებენ თუ არა წერილის მიღებას და აპირებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებას ახალციხის მერიაში? – ჩვენ კითხვა ახალარჩეულ მერს, ვარლამ წიკლაურს 30 ოქტომბერს დავუსვით, დავუსვით, მან გვითხრა, რომ ჩავა სოფელში და გაეცნობა მოსალეობის საჭიროებებს.
იმყოფებოდა თუ არა წიკლაური სოფელში? – ინტერვიუდან ორი კვირის შემდეგ, წიკლაური გვეუბნება, რომ სოფელში არ ყოფილა.
სოფელ ივლიტაში ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტიც, რომელიც დღეში სამჯერ დილას, შუადღეს და საღამოს მოძრაობს. ახალციხის მუნიციპალური სატრანსპორტო ააიპის ხელმძღვანელის, თორნიკე ხმალაძის თქმით, ივლიტიდან წამოსული ტრანსპორტი ახალციხის სადგურში რაბათის უბინის გავლით მიდის. თუმცა, მოსახლეობა გვეუბნება, რომ არახელსაყრელი გრაფიკის გამო ტრანსპორტს ვერ დაყვებიან და იძლებულნი ხდებიან, სხვადასხვა სოფლებიდან წამოსული ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გამვლელი ავტობუსებით ისარგებლონ.
განრიგის შესახებ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.