გაათავისუფლეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით ადიგენის საკრებულოს აპარატის აწ უკვე ყოფილი უფროსი, მიხეილ ბუსხრიკიძე? – ამ საკითხზე მსჯელობა ახალციხის სასამართლომ განაახლა.
დავა მიმდინარეობს ადიგენის საკრებულოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, რომელმაც გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე სოციალურ ქსელში პროევროპული შინაარსის პოსტი დაწერა.
სასამართლო სხდომაზე ბუსხრიკიძემ თქვა, რომ შესაგებელი გაყალბებულია. მისი თქმით, დოკუმენტი საკრებულოს იურისტს უნდა დაეწერა, მაგრამ მან უარი თქვა და საბოლოოდ იგი მერის იურიდიული სამსახურის უფროსმა მოამზადა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
ბუსხრიკიძე მიუთითებს, რომ პროცესში ჩართული იყო ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძეც.
“შესაგებელი თავიდანვე არის გაყალბებული. ეს მოამზადა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ, რომლის უფლებამოსილებაში არ შედიოდა ეს. მერმა, გოჩა ქიმაძემ დაიბარა, რომელმაც გადააჭარბა თავის უფლებამოვალეობას. მასში მონაწილე მხარეები დაადასტურებენ, რომ ეს [შესაგებელი] არ არის მომზადებული საკრებულოში,” – თქვა ბუსხრიკიძემ სასამართლო დარბაზში.
ადვოკატი, ჯუნა სტეფნაძე გვეუბნება, რომ საკრებულოს მიერ წარდგენილ შესაგებელში, მათ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. კერძოდ, სტეფნაძის თქმით, საკრებულო მიუთითებს, რომ მოსარჩელე პირი ავლენდა კომპეტენციის ნაკლებობას. თუმცა, მათ კითხვაზე პასუხი თუ რაში გამოიხატებოდა იგი – უპასუხოა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ვცდილობთ დავუკავშირდეთ ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს. იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს და ტელეფონს გვითიშავს. ჩვენ შეკითხვები გავუგზავნეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, მისგან პასუხის მიღებას ველოდებით.
რა მოხდა სხდომაზე?
სასამართლოს სხდომა მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა გახსნა და კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო. თუმცა, წინა სხდომების მსგავსად, როგორც აღმოჩნდა მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე მომზადებული არ მოვიდა და მოსარჩელე მხარის ადვოკატის, ჯუნა სტეფნაძის კითხვებს ვერ უპასუხა.
პ.ს. გასულ სხდომაზე, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, ადიგენის საკრებულოს წარმომადგენლის, თეიმურაზ მიქელაძის (რომელის ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ახლა იგი საკრებულოში აღარ მუშაობს) მთავარი არგუმენტი იყო: “მიშომ იცის” [იგულისხმება მიხეილ ბუსცხიკიძე]
“მიშომ იცის” – ადიგენის საკრებულოს არგუმენტი სასამართლოში
“ამ წუთას ჩავერთე საქმეში. მე ისიც კი არ ვიცოდი კითხვების ეტაპზე თუ იყო სხდომა. მე მითხრეს რომ სხდომა არ გახსნილაო და ვიფიქრე რომ ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი. მე პასუხის გაცემა ამ შემთვევაში არ შემიძლია. კარგი იქნებოდა წარმომადგენელი ყოფილიყო და პასუხს ის გასცემდა,” – თქვა ადიგენის საკრებულოს წარმომადგენელმა სასამართლოში, ადვოკატმა ნინო დემეტრაძემ.
მოსამართლემ თქვა: – “ჯობია გადავდოთ და ქალბატონო ნინო… უბრალოდ ეს ადმინისტრაციული საქმეა ამიტომ ასე გაგვიწელეს მხარეებმა, უფრო სწორად საკრებულომ. შესაბამისად მომზადებული თუ არ იქნებით შემდგომ სხდომაზე, მოგვიწევს სხვანაირად საუბარი. შევთანხმდით?”
ნინო: – კი.
სხდომა დაახლოებით სამი თვით, 2026 წლის 25 თებერვლამდე გადაიდო. ადვოკატმა, ნინო დემეტრაძემ ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ჩვენს ზარებს არ პასუხობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე, შმაგი ძიძიშვილი.
სხდომიდან გამოსულმა მიხეილ ბუსხრიკიძემ, მედიასთან კომენტარის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა ადიგენის მერიაში სავარაუდო კორუფციით დაინტერესდეს. იგი ამბობს, რომ მზადაა ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან კორუფციის გამოძიების საკითხში: “თუ დასჭირდებათ, შეუძლია ითანამშრომლოს გამოძიებასთან.”
კონკრეტულად რა საქმეს გულისხმობს და რომელ ფაქტს? – ჩვენ მას რამდენჯერმე ვთხოვეთ დაკონკრეტება თუმცა არ გვიპასუხა. ჩვენ საპასუხო კომენტარისათვის ადიგენის მერთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მერმა, გოჩა ქიმაძემ არ გვიპასუხა.
რა მოხდა?
2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირთან ყველანაირ მოლაპარაკებებს წყვეტდა. ამ განცხადებას მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის განცხადებას გაემიჯნა საჯარო მოხელეების ნაწილიც. ერთ-ერთი იყო, მიხეილ ბუსხრიკიძეც, რომელმაც პროევროპული შინაარსის პოსტი გათავისუფლების ბრძანებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუსხრიკიძე მიუთითებს, რომ სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.