ფარეხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – გვეუბნება კლინიკა “იმედის” მენეჯერი, მზია კაკოშვილი.
მისივე თქმით, შუახნის ქალს რომელსაც მუცლის ღრუს ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და იგი კლინიკაში რჩება.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავტოავარიები ხშირია.
აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ამ საგზაო მონაკვეთზე ავტომობილები ხშირად სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ, თუმცა, ამის მიუხედავად ადგილზე არ არის დამონტაჟებული სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით 2021 წელის ნოემბერში ახალციხელმა სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს პეტიცია, ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, ე.წ ფარეხას გზაზე კამერები დამონტაჟდეს. არასაკმარისი რაოდენობის ხელმოწერების გამო პეტიცია ვერ დარეგისტრირდა.
ბოლო ხუთი წლის განმვალობაში, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, რამდენი ადამიანი დაშავდა და რამდენი გარდაიცვალა, კითხვით ჩვენ შსს-ს მივმართეთ. უწყებაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვთხოვეს. ჩვენმა რედაქციამ უწყებას წერილობით უკვე მიმართა.
გუშინდელ ავარიასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფარეხასთან გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.