სამუსიკო სკოლის შეწყვეტილი და გაგრძელებული მშენებლობის ამბავი

December 2, 2025

ახალციხეში, სადაც მუნიციპალიტეტი 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალ სამუსიკო სკოლას აშენებს, მშენებლობაზე დასაქმებულ ხელოსნებს ხელფასის მიღება უჭირთ – ინფორმაცია ჩვენს რედაქციას ორმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა.

სამუსიკო სკოლის მშენებლობა, რომელიც ქალაქის კულტურული განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად არის შეფასებული, გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო – აღნიშნულს ერთ-ერთი წყარო გვიყვება, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. მისი ინფორმაციით, პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც მუშა ხელი შეიცვალა. 

იმას, რომ ახალციხის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სამუსიკო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულებს  ხელფასებს არ აძლევს, გვიყვება პარლამენტის წევრი “გახარია საქართველოსთვის” , სოფიო ხორგუანი. ის პარტია “გახარია საქართველოსთვის” სამცხე-ჯავახეთის ყოფილი კოორდინატორია.

სოფიო ხორგუანი გვეუბნება, რომ მუშები სარგოს რამდენიმე თვე ვერ იღებდნენ, რის შემდეგაც სამუშაოს დატოვება და სხვა ობიექტზე გადასვლა მოუხდათ. 

ჩვენ ამ კონკრეტულ დასაქმებულებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მათ საჯაროდ საუბარი არ სურთ.

სამუსიკო სკოლის მშენებლობა ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება, პროცესი ჩვენ დღეს გადავამოწმეთ და კომპანიასა და ყოფილ დასაქმებულებს შორის შესაძლო უთანხმოების მიზეზების გარკვევას ადგილზე შევეცადეთ, თუმცა კამერის წინაშე არავინ ისაუბრა, ხოლო კომპანიის, “შპს ბიელის” წარმომადგენელი ადგილზე არ დაგვხვდა. “შპს ბიელთან” დაკავშირება ჩვენ ოფიციალურად მითითებულ ტელეფონის ნომერზეც ვცადეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. ჩვენ კომპანიას წერილობით  უკვე მივმართეთ.

ტენდერის დეტალები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუსიკო სკოლის მშენებლობისთვის 3 587 156 ლარზე ტენდერი 2025 წლის 8 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 4 კომპანიამ მიიღო. შერჩევა-შეფასების ეტაპზე მერიამ  “შპს ბიელი” შეარჩიეს, რომელსაც სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე დაბალი თანხა, 3 155 999 ლარი ჰქონდა შეთავაზებული. საბოლოოდ ხელშეკრულება 3 049 049 ლარზე გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუსიკო სკოლის მშენებლობა 2026 წლის მაისის ბოლოს უნდა დაასრულოს.

მერიის პოზიცია

აქვს თუ არა მერიას ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და დასაქმებულებს ანაზღაურების თაობაზე უთანხმოება აქვთ? ასევე, რამდენად ადასტურებს და ინფორმირებულია სამუსიკო სკოლის მშენებლობის სავარაუდო შეფერხების შესახებ ? ამ კითხვებით ჩვენ  ახალციხის მერიას დავუკავშირდით.  უწყებაში ჩვენს დასმულ კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს რომ ამ ეტაპზე მშენებლობა შეუფერხებლად მუშაობს.

ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობა შალვა ახალციხელის N5-ში მიმდინარეობს. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.