ახალციხეში, ე.წ “თერთმეტიანების” ასახვევში საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ მოაწესრიგეს კვლავ გადათხრილია

December 11, 2025

ახალციხეში, ე.წ “თერთმეტიანების” ასახვევში საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ მოაწესრიგეს კვლავ გადათხრილია. როგორც “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” გვეუბნებიან, ავარიულად დაზიანდა მილი და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

იგივეს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც. 

ის, რომ ე.წ “თერთმეტიანების” ასახვევში საავტომობილო გზა თვეების განმავლობაში დაზიანებული იყო, მასალა ჩვენ 21 ნოემბერს მოვამზადეთ. სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში საავტომობილო გზა მერიამ მოაწესრიგა. 

ახალციხეში სრულად რეაბილიტირებული გზები მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მათ შორის არაა “თერთმეტიანების” ასახვევი

წყალმომარაგების კომპანიიდან ვერც დღეს და ვერც 21 ნოემბერს ვერ გავიგეთ, დასრულდა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწესრიგება. კომპანიიდან საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ, თუმცა მათ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია გაგვიზიარეს.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ახალციხეში წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის ხელშეკრულება შპს “გზას” 42 მილიონამდე ლარზე გაუფორმა.

დაასრულა თუ არა კომპანიამ სამუშაოები “თერთმეტიანების” ასახვევში და რა მიზეზით დაზიანდა მილი? – დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს, თუმცა მან გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და ტელეფონი გაგვითიშა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების ვადა 2027 წლის აგვისტოა.