ახალციხეში, საკალათბურთო გუნდი “ახალციხე” და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია ისე ჩამოყალიბდა, რომ მერიას წინასწარ ინფორმაცია მედიისთვის არ მიუწოდებია
მეტიც, მერმა ვარლამ წიკლაურმა გვითხრა, რომ დაგვპატიჟებს თუ არა მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე თვითონ გადაწყვეტს
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ახალციხეში, საკალათბურთო გუნდი “ახალციხე” და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია ჩამოყალიბდა. გუნდში 14 კალათბურთელია, მათგან არცერთი ახალციხელი. საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების შესახებ მუნიციპალიტეტის მერიას წინასწარ ინფორმაცია მედიისთვის არ მიუწოდებია.
ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც მერიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, პოსტფაქტუმ გაავრცელა. შემდეგ კი, ვარლამ წიკლაურმა კალათბურთელები წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოსახლეობას წარუდგინა.
რატომ არ შეატყობინეს მედიას გუნდის ჩამოყალიბების შესახებ პროცესში? – ვკითხეთ ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს. მან გვითხრა რომ მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა თუ აქტივობებზე მედიას წინასწარ შეატყობინებს თუ არა ამას თვითონ გადაწყვეტს.
ვარლამ წიკლაურისგან კალათბურთის გუნდის შესახებ კითხვებზე პასუხები ვერც მასთან ინტერვიუს დროს ვერ მივიღეთ და არც საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგვწერეს.
რა თანხა გადაიხადა მუნიციპალიტეტმა კალათბურთელების შესაძენად? საიდან გამოიყო ბიუჯეტი? რამდენია თითოეული კალათბურთელის თვიური ხელფასი? რამდენი კალათბურთელი ეყოლება გუნდს? სად შენდება კალათბურთის დარბაზი, რა თანხად და როდის დასრულდება მშენებლობა? – ამ კითხვებზე პასუხები ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. უწყებიდან მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი მივიღეთ, ჩვენთვის უცნობი დარჩა თუ რა დაუჯდა მუნიციპალიტეტს 14 კალათბურთელის დაქირავება.
მერიიდან მოგვწერეს, რომ კალათბურთის კლუბის და ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ა(ა)იპ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან – 29
000 ლარი. მერია საჯარო ინფორმაციაში მიუთითებს, რომ კალათბურთელების ხელფასი 2 000 ლარია.
გარდა კალათბურთის გუნდის ჩამოყალიბებისა, მერმა ვარლამ წიკლაურმა თანაგუნდელებთან ერთად ისე მოინახულა კალათბურთის დარბაზის მშენებლობა, რომ არც ამის შესახებ უცნობებია ადგილობრივი მედიისთვის.
ჩვენ მერიიდან დარბაზის მშენებლობის დეტალების შესახებაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია. მათ სახელმწიფო შესყიდვის კოდი მოგვწერეს. შესყიდვების ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, დარბაზის მშენებლობა 4.5 მილიონამდე ლარი ჯდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს “ინტექსმა”, ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობა 31 მარტამდე უნდა დაასრულოს.
ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატში, ხოლო ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლა მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან კალათბურთით დაინტერესებულ მოზარდებს შეეძლებათ. სწავლა უფასოა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან კალათბურთის გუნდი “მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე” ჩამოაყალიბეს.
კალათბურთის კლუბი “ახალციხე” 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა. როგორც ახალციხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, ჩამოყალიბებიდან 3 კვირაში, კლუბმა თბილისში, თბილისის გუნდ “ვინგსს” ანგარიშით 104:98 მოუგო.