ახალციხის აუზი, მშენებლობის პროცესის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ იხსნება

February 3, 2026

ახალციხის აუზი, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, მომხმარებლების მიღებას 5 თებერვლიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყებს – ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ახალციხის აუზი, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, მომხმარებლების მიღებას 5 თებერვლიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ აუზის ფასები 100-200 ლარებში მერყეობს, მხოლოდ ფიტნეს დარბაზის ღირებულება 90-500 ლარამდე იქნება, ხოლო აუზის და ფიტნეს დარბაზის ფასები 30-დან 250 ლარამდეა – ზუსტი ტარიფების შესახებ ცოტა ქვემოთ.

ვინ იმუშავებს სპორტულ კომპლექსში და რა პრინციპით შეარჩიეს კადრები? – ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა 2025 წლის 24 დეკემბერს გვითხრა, რომ კომპლექსი მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებას შეუერთდა, შესაბამისად ამ ააიპში დასაქმებული პირები განაგრძობენ მუშაობას ახალ სივრცეში, რაც შეეხება ახალი კადრების დამატებას, მაშინ გვითხრა, რომ ვაკანსიას გამოაცხადებდნენ და ამის შესახებ შეგვატყობინებდნენ. 

მას შემდეგ 1 თვეზე მეტი გავიდა, ვაკანსიის შესახებ არ შეგვატყობინეს – ამიტომ დღეს მერიას კიდევ დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.

ჩვენ მერიიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია თუ რამდენი პირია დასაქმებული კომპლექსში, როგორია მათი ანაზღაურება და რა პრინციპით შეირჩა კადრები. 

მერია აუზის გახსნის შესახებ დაანონსებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ სამი თვის განმავლობაში ნებისმიერი მომხმარებელი 30 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ხოლო, ამავე პერიოდში შშმ პირებისთვის აუზით სარგებლობა უფასო იქნება. მერია სამომავლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობების ამოქმედებასაც გეგმავს.

რაც შეეხება ფასებს: ფიტნეს დარბაზი

პაკეტი გოლდი – ულიმიტო (1 თვე) – 130 ლარი

პაკეტი გოლდი – ულიმიტო (3 თვე) – 300 ლარი

პაკეტი გოლდი – ულიმიტო (6 თვე) – 500 ლარი

პაკეტი სილვერი – 12 ვიზიტი – 90 ლარი

მცირე აუზი 5-12 წლის ბავშვებისთვის

ბავში + მასწავლებელი – 12 ვიზიტი – 130 ლარი

ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვი – 12 ვიზიტი – 100/100 ლარი

აუზი და ფიტნეს დარბაზი 

08:00 – 10:00 ( 12 ვიზიტი) – 150 ლარი

10:00 – 16:00 ( 12 ვიზიტი) – 180 ლარი

16:00 – 22:00 საათი ( 12 ვიზიტი) – 200 ლარი

პაკეტი გოლდი (ულიმიტო) – 250 ლარი

ერთჯერადი ვიზიტი (მხოლოდ აუზი) – 30 ლარი
ერთჯერადი ვიზიტი აუზი და ფიტნეს დარბაზი – 50 ლარი

აუზი 

08:00 – 10:00 ( 12 ვიზიტი) – 100 ლარი

10:00 – 16:00 ( 12 ვიზიტი) – 130 ლარი

16:00 – 22:00 საათი ( 12 ვიზიტი) – 150 ლარი
პაკეტი გოლდი (ულიმიტო) – 200 ლარი

ერთჯერადი ვიზიტი – 30 ლარი

_____

სპორტკომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს 25 მილიონამდე ლარი დაუჯდა. კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ძირითადი აუზი განკუთვნილია, როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის, მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. შენობაში, ასევე განთავსებულია ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები.

ახალციხის აუზის 7 წლიანი ისტორია

ობიექტის მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა, 2021 წელს კი პროცესი ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო, ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი აიღო და ქართული ბაზრიდან ისე გავიდა, რომ ობიექტი სანახევროდაც არ ააშენა. ამის შემდეგ ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ შპს “არალმა” გააგრძელა, ვადები მას შემდეგ არაერთგზის გახანგრძლივდა და აუზი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, პროცესის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ იხსნება.