წელს, სჯსუ-ში სტუდენტებს მხოლოდ 7 სპეციალობაზე მიიღებენ, გასულ წლებში 12 იყო

February 13, 2026

წელს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მხოლოდ 7 სპეციალობაზე მიიღებენ, გასულ წლებში 12 სპეციალობაზე იყო გამოცხადებული მიღება, – ამის შესახებ სადავო ლეგიტიმაციის საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა განკარგულება.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ მიიღებენ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობის მსურველ სტუდენტებს და ეს ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა.

2025 წელს უნივერსიტეტმა შემდეგ სპეციალობებზე გამოაცხადა მიღება:

ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი, საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, აგრონომია და ვეტერინარია.

2026 წელს სტუდენტებს შემდეგ სპეციალობებზე მიიღებენ:

ეკოლოგია, აგრონომია, ვეტერინარია. ხოლო, ინგლისურ და ქართულ ფილოლოგიაზე, ისტორიაზე და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მიღება იქნება, თუმცა მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი პროგრამის ინტეგრირებით.

ასევე, გასულ წელს თუ უნივერსიტეტს მაქსიმუმ 665 სტუდენტის მიღება შეეძლო. 2026 წლის გეგმით, 220 აბიტურიენტის მიღებას შეძლებენ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა გასულ წელს გამოაცხადა ქართულ ენაში მომზადების მსურველთა მიღება: სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურენოვნებთათვის.

“ოცნების” მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულის შესახებ არაფერი წერია. მიიღებენ თუ არა კვლავ აბიტურიენტებს ამ მიმართულებით და როგორ აფასებს ფაკულტეტების შემცირების გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, ვახტანგ თაქთაქიძე? – ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

რაც შეეხება მაგისტრატურას

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის მსურველები, 5 მიმართულებით, გასულ წლებთან შედარებით შეზღუდული რაოდენობით ჩაირიცხებიან.

განკარგულების მიხედვით:

ქართული ლიტერატურის ისტორიაზე 5 მაგისტრანტის მიღებას შეძლებენ (გასულ წლებში 10 სტუდენტი იყო გათვალისწინებული) 

საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზეც 10-ს ნაცვლად 5 ადგილია. 

ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით 10 მაგისტრანტის ნაცვლად 5 ჩაირიცხება. 

ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამაზე 15 ადგილია გათვალისწინებული (გასულ წელს 10 ადგილი იყო)

აგრო ტექნოლოგიების მიმართულებით გასული წლების მსგავსად 10 მაგისტრანტს მიიღებენ. 

რაც შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ბიზნეს-ინფორმატიკას, სადაც ჯამში 30 მაგისტრანტის მიღება იყო შესაძლებელი გაუქმდება.