სამკერვალოს ენერგო ეფექტურობის გაზრდა, ენერგო ეფექტური სოციალური სივრცე, ხეხილის ბაღი, ეკომეგობრული ბეჭდვის ბიზნესი, ძველი ტანსაცმლის გადამუშავება, ნარჩენებისგან ხელნაკეთი ყვავილების შექმნა და ველოკლუბი – ეს ის პროექტებია, რომელიც ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში პროექტის, “მწვანე ჰორიზონტების” ფარგლებში დაფინანსდა.
ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებმა, ონლაინ პრეზენტაციების ფორმატში 17 მწვანე და ბიზნეს იდეა წარადგინეს (9 ფოთიდან და 8 ხობიდან), საიდანაც 8 საუკეთესო ინიციატივა შეირჩა (3 ფოთიდან და 5 ხობიდან). საუკეთესო იდეები “მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება” პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, რათა რეალურ ბიზნესად და მწვანე დემონსტრატორად გადაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ასოციაციის (SMEDA)” წარმომადგენელი, ნათია ქალდანი გვაწვდის. სწორედ ეს ორგანიზაციაა, რომელმაც ზემოხსენებული პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ბიზნეს იდეების კონკურსში გაიმარჯვა, ქალაქ ფოთში მცხოვრები ნიკა ბართავაა.
მისი იდეა ფოთის მუნიციპალიტეტში მწვანე და უსაფრთხო ურბანული გადაადგილების პოპულარიზაციას, ველოსიპედის სკოლის/კლუბის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი იდეები
ხობი
მასალლიი – იკითხე და ატარე – მკითხველთა კლუბი, რომლის მიზანია ეკომეგობრული ბეჭდვის ბიზნესის შექმნა თერმოპრესის გამოყენებით. ინიციატივის ფარგლებში იგეგმება მაისურებსა და ტექსტილის აქსესუარებზე ლიტერატურული ციტატების და წიგნებთან დაკავშირებული დიზაინების დაბეჭდვა.
მომავლის ფესვები – ინიციატივა მოიცავს სოფელ თორსის საჯარო სკოლის 250 კვადრატულ მეტრზე ხეხილის ბაღის მოწყობას.
ოდისეა და სინათლის მკერავები – ბიზნეს იდეების ავტორები ამბობენ, რომ საზოგადოებისგან შეაგროვებენ დაზიანებულ და ძველ ტანსაცმელს, რომლებსაც ახალ ეკომეგობრულ პროდუქტებად გარდაქმნიან , როგორიცაა ხელნაკეთი ჩანთები, დეკორატიული ბალიშები, ტელეფონის ქეისები, აქსესუარები, განათებული დეკორატიული პეპლების თაიგულები და ტექსტილის სუვენირები.
ანნას ყვავილები – ბიზნესი, რომელიც ეკომეგობრული მიდგომებით ამზადებს ხელნაკეთ ყვავილებს. პროექტი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ხელობაზე, ინდივიდუალურ მომსახურებასა და მდგრადი მასალების გამოყენებაზე.
ფოთი
Limena Green Space – ორგანიზატორების თქმით, იდეა ითვალისწინებს ფოთში არსებული ეკომეგობრული კაფის “ლიმენას” ენერგოეფექტურ სივრცედ გარდაქმნას. ანუ, იგეგმება კაფის გარე ტერიტორიაზე მზის ენერგიაზე მომუშავე LED განათების მონტაჟი და შიდა სივრცეში LED და მოძრაობის სენსორული სისტემების დანერგვა.
თეას სამკერვალო – ინიციატივის ფარგლებში, მცირე ქალთა სამკერვალო საწარმო გეგმავს EcoFlow DELTA 3 Plus-ის პორტატული ენერგოსადგურის შესყიდვას, ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებისთვის და ელექტროენერგიის გათიშვის დროს წარმოების შეუფერხებლად მუშაობის გაგრძელებისთვის.

SMEDA-ს მიერ განხორციელებული პროექტი, გარდა იდეების მხარდაჭერისა, ითვალისწინებდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტრენინგ კურსსაც. ორგანიზატორების თქმით, სამთვიანი, ჰიბრიდული პროგრამა მოიცავდა როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ტრენინგებს. მათივე ცნობით, ამ შესაძლებლობებით ჯამში 142-მა პირმა ისარგებლა, რომელთაგან უმეტესი 112 ქალი იყო. გარდა ამისა, 58 მონაწილე აქტიურად იყო ჩართული რამოდენიმე სესიაში.
“ტრენინგები მოიცავდა მდგრად განვითარებასა და მწვანე გადაწყვეტებს, სტრატეგიულ დაგეგმვასა და იდეების გენერირებას, ენერგოაუდიტის საფუძვლებს, მწვანე დაფინანსებასა და სესხებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მწვანე პროდუქტების მარკეტინგსა და გაყიდვებს, ფინანსურ მართვასა და იდეების წარდგენის(pitching) უნარებს, ასევე მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმებთან (SECAP) დაკავშირებით ჩართულობის შესაძლებლობებს.”
პროგრამა „მწვანე სტარტაპ იდეების ლაბორატორია და მომავლის უნარები“, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ასოციაციამ (SMEDA), საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი “მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება” ფარგლებში.