რას მოიცავს განათლების ახალი რეფორმა და ცვლილებები რომელიც უნივერსიტეტებში სწავლებას და მუშაობს ეხება,- საკითხები გივი მიქანაძემ სჯსუ-ს აკადემიურ პერსონალთან გუშინ განიხილა, ისე რომ ამის შესახებ მედიას არც სამთავრობო უწყებებმა და არც საგანმანათლებლო დაწესებულებამ არაფერი უთხრა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გივი მიქანაძის თქმით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში უმაღლესი განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში.
რა იგულისხმება მნიშვნელოვან განვითარებაში ჩვენთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა განათლების რეფორმამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი მიმართულებით სწავლა შეზღუდა. მათ შორის დაწყებითი განათლების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
2025 წელს უნივერსიტეტს მაქსიმუმ 665 სტუდენტის მიღება შეეძლო, 2026 წლის კი იგეგმება მხოლოდ 220 აბიტურიენტის მიღება. მნიშვნელოვნად შემცირდა საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალიც და ცვლილებები შეეხო მაგისტრატურასაც.
რატომ არ იყო მიწვეული მედია შეხვედრაზე კითხვით ჩვენ განათლების სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში მთელი დღის განმავლობაში არც ზარებს და არც შეტყობინებას პასუხობენ.
მერიაში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავდნენ.
რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორს, ვახტანგ თაქთაქიძეს მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა და შეტყობინება მოგვწერა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა მოგვიანებითაც არ გვიპასუხა.