ბანკში რიგში დგომა, საჯარო სერვისების მისაღებად ოფისებში სიარული და გაურკვეველი ფორმები – ბევრისთვის ყოველდღიური რეალობაა. თუმცა, მაშინ როცა სერვისების დიდი ნაწილი უკვე ერთ ღილაკზე დაჭერით არის ხელმისაწვდომი, მოქალაქეების ნაწილი ციფრულ სივრცეში თავს მაინც დაბნეულად გრძნობს.
სწორედ ამ მიზნით, ხობსა და ფოთში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო “ციფრული ელჩების პროგრამა”. ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები – ციფრული ელჩები, დაინტერესებულ პირებს ციფრული სამყაროს შესწავლაში ეხმარებიან.
ერთ-ერთი მონაწილე 17 წლის ლიზი ლოლუაა. როგორც ლიზი გვიყვება, პროექტის ფარგლებში ჯერ თვითონ ისწავლა სხვადასხვა ღია მონაცემების (საჯარო რეესტრი, შემოსავლების სამსახური და სხვა საჯარო უწყებების ვებ გვერდები) დამუშავება და შემდგომ ზრდასრულ ადამიანებს ონლაინ რეჟიმში ასწავლა თუ როგორ გამოიყენონ საჭირო ვებ გვერდები და როგორ მიიღონ მომსახურება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად.
ლიზი გვეუბნება, რომ მეგობართან თეკლე კვარაცხელიასთან ერთად, თემის სხვადასხვა ჯგუფისთვის 11 საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდებმა მოქალაქეებს ეტაპობრივად აჩვენეს, როგორ გამოიყენონ ონლაინ სერვისები ოფისებში მისვლის გარეშე. შედეგად, 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
ციფრული განათლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე ნინო გვასალია და ნინი ბიგვავა, რომლებმაც 4 სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს მობილური ბანკინგის აპლიკაციების, ციფრული პირადობისა და მიწის რეესტრის სერვისების თემებზე. მათ შეხვედრებს 100-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.

როგორც პროექტის მენეჯერი ანა გვენეტაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში 16-დან 21 წლამდე ასაკის 52 მონაწილე შეირჩა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ და აჩვენებენ, როგორ მიიღონ სახელმწიფო და კერძო სერვისები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
გვენეტაძის თქმით, ციფრული ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან: მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, პენსიონერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
პროექტის ავტორები თქმით, ბენეფიციართა 70% მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ, ხოლო 20% პენსიონერები.
“ჩავთვალეთ რომ საჭიროა ციფრული განვითარების მხრივ დაეხმარება, განსაკუთრებით სოფლებში. არის ბევრი სერვისი, რომელიც შეიძლება მიიღო ინტერნეტის მეშვეობით და სულაც არაა საჭირო, რომ იმგზავრო მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ მიმართულებით ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება იქნებოდა ძალიან საჭირო,” – გვეუბნება გვენეტაძე.

პროგრამაში ჩართულთა 75% გოგოები/ქალები იყვნენ.
პროგრამის მონაწილეები ამბობენ, რომ შეხვედრების შემდეგ მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ თავდაჯერებულობა და ახლა უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ ციფრული სერვისების გამოყენება, იქნება ეს მობილური ბანკინგი, ციფრული პირადობა თუ სახელმწიფო ელექტრონული სერვისების პლატფორმები.